116-ე სკოლაში მოსწავლე ფეხში, სავარაუდოდ, კალმით დაჭრეს

თბილისის 116-ე სკოლაში მერვე  და მეცხრეკლასელების შელაპარაკების დროს ერთ-ერთი მათგანი, სავარაუდოდ, კალმით ფეხში დაჭრეს. შემთხვევა 3 დეკემბერს მოხდა, რის შემდეგაც მოზარდი სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ამ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინსიტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ასევე მანდატურის სამსახურიც. უწყება ამბობს, რომ ბავშვის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს არავითარი საფრთხე არ ემუქრება.

უწყება გავრცელებულ გნცხადებაში ამბობს, რომ დისტანციური მეთვალყურეობის დროს მანდატურმა სკოლის ვიდეოკამერებიდან შენიშნა, თუ როგორ მიიღო “უფროსკლასელი ბიჭების ხუმრობამ და თამაშმა უხეში ფორმა“.

“სიტუაციის განმუხტვის და ვითარებაში გარკვევისთანავე მანდატურმა აღმოაჩინა, რომ მე-8 კლასის მოსწავლე ბიჭს მიყენებული ჰქონდა მცირე ფიზიკური დაზიანება. მას ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება, თუმცა, მანდატურის მითითებით, სკოლის ექიმმა მაინც გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. თავად მანდატურმა კი ფაქტი აცნობა პოლიციას”, – ნათქვამია უწყებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან