ახალი ამბები

რას ამბობენ ოპოზიციაში ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტზე

3 დეკემბერი, 2019 • 2065
რას ამბობენ ოპოზიციაში ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტზე

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტი მისი პოლიტიკური საქმიანობის ნაწილია და “პოლიტიკურ საქმიანობას მას ვერავინ დაუშლის”.

“ჩვენ ერთ მაგიდასთან ვსხედვართ ყველანი ერთი მიზნისთვის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს პროპორციული არჩევნები, ანუ ეს არ არის ერთობა, რომელიც გაგრძელდება სამუდამოდ” ,- განაცხადა უდუმაშვილმა ტელეკომპანია “იმედთან” მიცემულ ინტერვიუში.

უდუმაშვილის აზრს იზიარებს “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავაც, რომელიც ამბობს, რომ ბურჯანაძის ნებისმიერი ვიზიტი მისი და მისი პარტიის საქმეა. უგულავას განმარტებით, არც ის და არც ოპოზიციური პარტიები აღნიშნული ვიზიტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ.

“ჩვენ იმ მაგიდასთან მხოლოდ და მხოლოდ პროპორციულის გარშემო ვართ გაერთიანებული, იქ არის გაერთიანებული ბევრი ისეთი პარტია, რომელსაც აბსოლუტურად განსხვავებული ხედვები აქვს, მაგრამ ყველა ითხოვს სწორ თამაშის წესებს, რომელიც ივანიშვილმა წაგვართვა”, – განაცხადა უგულავამ.

“ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განარტებით კი, ოპოზიციის გაერთიანება არ ნიშნავს, რომ მათი პოლიტიკური ხედვები შეიცვალა:

“ნინო ბურჯანაძე და სხვები იქამდეც ასეთები იყვნენ და ახლაც ისეთები არიან, როგორებიც არიან. ჩვენც ისეთები ვართ, როგორც ვიყავით. ივანიშვილმა ყველა გაგვაერთიანა, ერთმანეთისთვის მიუღებელი შეხედულებების ხალხი, ეს ეხლა არ აღმოგვიჩენია, ამიტომ ვსხედვართ ყველანი (ერთ მაგიდასთან)”, – განმარტა ბოკერიამ.

“ყველამ იცის, რომ იმ გაერთიანებაში არის ხალხი, რომელსაც ფუნდამენტურად ფასეულობითი განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები აქვს და ახლა აღმოაჩინეს ივანიშვილის პროპაგანდის ორგანოებმა, რომ ნინო ბურჯანაძე მოსკოვში დადის. გაერთიანებაში შეკრებილი ოპოზიციური ძალები თანხმდებიან ერთ თამაშის წესებზე. ზოგადად ასეთი წესი არის, როცა უცხოპლანეტელი შემოგესევა, იქ ყველა ერთიანდება ხოლმე და ეს კაცი, ივანიშვილი უცხოპლანეტელია“, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ რუსთავი 2-თან.

ბოკერიას თქმით, ერთ მაგიდასთან გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები ფუნდამენტური ფასეულობებით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, თუმცა აერთიანებთ საერთო მიზანი, რომელიც პროპორციული არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს.

ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშიებით “ევროპული საქართელოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა: “კითხეთ იმათ, ვინც მასთან ერთად ერთ მაგიდასთან ზის”, – განაცხადა ხოშტარიამ.

ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა პროპორციულის ფორმატთან დაკავშირებული ოპოზიციის დროებითი გაერთიანება დატოვა.

ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გაემგზავრა

მასალების გადაბეჭდვის წესი