ახალი ამბები

ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის გამო ჩარკვიანი პროპორციულის ფორმატის გაერთიანებას ტოვებს

3 დეკემბერი, 2019 •
ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის გამო ჩარკვიანი პროპორციულის ფორმატის გაერთიანებას ტოვებს

პარტია “კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ ნინო ბურჯანაძის მოსკოვში გამგზავრებისა და იქ დაგეგმილი შეხვედრების გამო ტოვებს პროპორციულის ფორმატთან დაკავშირებულ ოპოზიციის დროებით გაერთიანებას.

ჩარკვიანი ამბობს, რომ ის ქუჩის აქციებისა და პიკეტირების მომხრედ რჩება, ასევე მისი პარტია არის და რჩება გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთბაშია“ წევრი:

“რაც შეეხება კონკრეტულად ამ პროპორციულის ფორმატთან დაკავშირებით დროებით გაერთიანებას (ბატონი შალვა ნათელაშვილის ოფისში, მხოლოდ პროპორციულის თემაზე რისთვისაც მადლობა ბატონ შალვას),  ამ გაერთიანებაში ყოფნაზე უარს ვამბობთ პარტია “კანონი და სამართალი”, რადგან ამ ვითარებაში “ ბურჯანაძის ვიზიტის შესახებ”  მინიმუმ უნდა ვყოფილიყავით ინფორმირებული.

პირველად შევიტყვეთ რამდენიმე ადამიანმა “ სიურპრიზად”, ვიმეორებ, ამ კონკრეტულ ვითარებაში, როცა მთელ მსოფლიოს ვეუბნებით, რომ რუსეთი გვებრძვის და იბრძვის, რომ დაგვაბრუნოს თავის სივრცეში, აი, ამ დროს სრულიად უადგილოდ მეჩვენება ეს ვიზიტი, თორემ მე არანაირი უფლება არ მაქვს, რომ რუსულ ვექტორს “ სირბილი” დავუშალო მოსკოვში პუტინთან“, – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

მისივე თქმით, დღეს არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ბურჯანაძის ვიზიტი მოსკოვში ქვეყანას “ტალახს ასხამს“.

“პროპორციული გასაგებია, მაგრამ სულ მთლად ნუ დავაბნევთ უცხოელ -ევროპელ პარტნიორებს , რომლებსაც თან დახმარებას ვთხოვთ!“, – წერს ჩარკვიანი და ამბობს, რომ პუტინის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება.

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გაემგზავრა, რათა იქ შეხვედრები გამართოს. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს პარტიის წარმომადგენელმა, გიორგი ახვლედიანმა დაუდასტურა.

ახვლედიანი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ბურჯანაძე მოსკოვში 2 დღეს გაატარებს, ჩამოსვლის შემდეგ კი ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას თავადვე გააკეთებს.

ვრცლად:

ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გაემგზავრა

მასალების გადაბეჭდვის წესი