საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა „ევროპის სოციალისტური პარტიის” ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინი და შვედეთისა და დანიის პრემიერ-მინისტრები დაესწრნენ.
ფორუმზე მთავრობის მეთაურმა საქართველოს მიღწევებზე და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.
„ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველომ ბოლო ორ წელიწადში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მათ შორის ვიზა ლიბერალიზაციის მიმართულებით. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნახტომი გავაკეთეთ სულ რაღაც 6 თვეში. სამწუხაროდ, ეს პროცესი უნდა დაწყებულიყო 2010 წელს, მაშინ, როდესაც მოლდოვამ დაიწყო. მოლდოვამ ვიზის ლიბერალიზაციას უკვე მიაღწია, რადგან მათ პროცესი ჩვენზე ადრე დაიწყეს. ძალიან საინტერესოა, რატომ არ დაიწყო ეს წინა ხელისუფლებამ. ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო ეს პროცესი. ყველანი ერთხმად აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა საჭიროა ტექნიკური პროცედურების დასრულება. იმედი გვაქვს, წლის ბოლომდე ამ პროცედურებს დავასრულებთ და საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, უვიზოდ იმოგზაურონ ეევროპაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.