ახალი ამბები

ვის შემოუჭირეს ქამრები

21 მაისი, 2015 • 1528
ვის შემოუჭირეს ქამრები

 ნარინჯისფერმოსასხამიანები


– წელს პრემია მიიღეთ?
– ერთხელ, ხელფასის 25%-ი.
– წინა წლებში რამდენს იღებდით?
– ხელფასის 100%-ს კვარტალში.
– თქვენ ახლა შეგიძლიათ ბათუმის მთავრობას კითხვა დაუსვათ. რას ჰკითხავდით?
– თუ ღმერთი გწამს არ დაწერო რომელი ბრიგადა ვართ. რასაც გვაძლევენ, ისიც არ დაგვაკარგვინო.
– თქვენი ხელფასებისთვის ბრძოლას თქვენ თუ ვერ გაბედავთ, სხვა რატომ გააკეთებს ამას?
– ეგეც მართალია! … (პაუზის შემდეგ) არა, ჯობია არ დაწერო. ჩვენი უფროსი ყველა თათბირს ასე იწყებს _ ვისაც არ მოგწონთ წადით, სხვები გვეხვეწებიანო.

 

ეს დიალოგი ჩემ, ქუჩის დამლაგებლების 7-კაციან ჯგუფსა და მათ კოორდინატორს შორის ბათუმის ერთ-ერთ უბანში შედგა. მათი სახელები ამ სტატიაში არ მოხვდება, რადგან არ არის გამორიცხული ამის გამო მართლა დაკარგონ სამუშაო. პრინციპში, სახელები არც არის საჭირო – წელს პრემიები 75%-ით შეუმცირეს ბათუმის 300 დამლაგებელსა და მათ 22 კოორდინატორს.

 

მათი, ვის პრემიებსაც ყველაზე მეტად შემოუჭირეს „ქამრები“, ანუ ქალაქის დამლაგებლების სამუშაო დღე იწყება დილის 4 საათზე და მთავრდება 9-10 საათზე.

მერე არის 4-საათიანი შესვენება. 14:00 საათიდან ისევ ქუჩაში არიან ცოცხებით ხელში. სახლში წასვლის უფლება იქამდე არ აქვთ, სანამ თითოეული 12 ათას კვადრატულ მეტრს არ დაასუფთავებს.

 

მხოლოდ დილის ცვლაში ვინც მუშაობს, მათი ხელფასი 300 ლარია (დილაობით 12 ადამიანია ერთ ცვლაში. შუადღისთვის – 7), ვინც ძლებს და შუადღის ცვლაშიც მუშაობს, ის 500 ლარს იღებს. პრემიაც შესაბამისია – 300 ლარს ვინც იღებს, მათთვის სამ თვეში ერთხელ 75 ლარია, ვინც 500 ლარს – 125 ლარი.

ისინი კვირაში მხოლოდ ერთ დღეს ისვენებენ.

 

ჩვენი საუბრის დასასრულს ისინი კიდევ ერთ კითხვას სვამენ: მართალია, რომ მერმა წელს 105 ათასი ლარი პრემია აიღო? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ვიცი და მათაც ვეუბნები, რომ მერს წელს პრემია საერთოდ არ აუღია.

 

 

წითელწინსაფრიანები


3042 ბენეფიციარს ბათუმის უფასო სასადილოებში ყოველდღიურად 60 ადამიანი ემსახურება. ამ დროისთვის ბათუმში სულ 5 უფასო სასადილო ფუნქციონირებს. სასადილოებში საჭმელს ამზადებენ: შეფმზარეული, მზარეული და მზარეულის დამხმარე. 

 

ტაბიძის ქუჩაზე არსებულმა სასადილომ გასულ პარასკევს 1694 ბენეფიციარი დააპურა. ტრადიციულად აქ 856 სოციალურად დაუცველი სადილობს, მაგრამ გასული პარასკევიდან აქ გადაამისამართეს ლერმონტოვის ქუჩაზე არსებული სასადილოს ბენეფიციარები. აიპის „ბათუმის მუნიციპალური სასადილოს“ ხელმძღვანელი – ბადრი გოგიძე ამბობს, რომ ამ სასადილოს გარემონტებას აპირებენ.

 

ტაბიძის ქუჩაზე არსებულ სასადილოში სულ 11 ადამიანი მუშაობს. წითელწინსაფრიანი ქალები და მამაკაცები ერთი წუთითაც კი ვერ ჩერდებიან, მათ წინ აღმართულ 50-კაციან რიგს ხალხი არ აკლდება. შეფმზარეული სახეზე ერთიანად გადაწითლებულია. ცალკე სიცხისგან და ცალკე საქმისგან. გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, აქ ყველა რაღაცნაირად აფორიაქებულიც ჩანს.

 

მოგვიანებით თავადვე ამბობენ, რომ ამის მიზეზი აქვთ – მათთან მისვლა “ბათუმელებს” აიპის დირექტორმა დაასწრო. ხედავენ, რომ რამდენიმე უცხო თვალი აკვირდება, მათ შორის დირექტორისაც, რომელიც დილიდან მათთან იმყოფება.

 

აქ ნაწყვეტ-ნაწყვეტ გეუბნებიან, რომ რთული სამუშაო აქვთ – 1700 ადამიანისთვის სადილის მომზადება, მერე ამ სადილის გაცემა, მერე სასადილოს დალაგება და მერე მეორე დღისთვის თადარიგის დაჭერა. “ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი დღის განმავლობაში შეუჩერებლად მუშაობ“, – ამბობს ერთი.

 

ხელფასი რამდენი გაქვთ? – 300 ლარს ვიღებ. ცოტაა, მაგრამ 300 ლარს სად ნახავ, თუ არ იმუშავე. აიპიმ ცოტა დაგვიმატა კიდეც ხელფასი – ამბობს ერთ-ერთი ქალი და მოშორებით მდგომი დირექტორისკენ თვალს აპარებს.
ბათუმის მერიამ აიპი „ბათუმის მუნიციპალური სასადილო“ 2014 წლის აპრილში შექმნა. მისი ხელმძღვანელის ბადრი გოგიძის თქმით, მათთან 66 ადამიანი მუშაობს – 6 ადმინისტრაციაში და სხვები – სასადილოებში.


შეფმზარეულის ხელფასი 450 ლარია, მზარეულის – 350, მზარეულის დამხმარის – 340. ყველაზე დაბალი ხელფასი – 260 ლარი დამლაგებელს აქვს. თავად აიპის ხელმძღვანელი ხელზე 1320 ლარს იღებს.

 

„წინა წლებში ყოველ სამ თვეში ერთხელ პრემიას გვაძლევდნენ. ახლაც მოგვცეს, მაგრამ მარტო 25%. ეს უსამართლობაა, დიდი უსამართლობა, მაგრამ ჩვენ ამ უსამართლობის შესაცვლელად ძალა არ გვაქვს. ამიტომაც სხვა გზა არაა – უნდა ვიმუშაოთ ასე მძიმე პირობებში და ასე დაბალ ხელფასზე“, – საკუთარი თავის მიმართ გამოტანილი „განაჩენი“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა გაუზიარა „ბათუმელებს“.

 

იმავეს იმეორებს თენგიზ ღოღელიანი, ტაბიძის ქუჩაზე არსებული სასადილოს კოორდინატორი: „სამწუხაროდ, მე არანაირი წონა არ მაქვს სამისოდ, რომ ეგ შევცვალო. ვინც კი ერთი საათი გაჩერდება სამზარეულოში ქურებთან, სულ სხვა შთაბეჭდილება შეექმნება იმ ხელფასებზე, რომელიც აქ გაიცემა. გადაიხედოს ხელფასების ამბები და სამომხმარებლო კალათაზე რომ არის ლაპარაკი, იმასთან შესაბამისობაში მოვიდეს ანაზღაურება, გამომდინარე შრომითი დატვირთვიდან“.

 

 

რას ამბობს აიპ-ის დირექტორი


ბადრი გოგიძე: რთული სამუშაო კი არის, მაგრამ 300-400 ლარიც არ არის ცოტა ფული. წელს პირველ კვარტალში 25% ავიღეთ. სხვა, არც პრემია და არც არაფერი არ აგვიღია. ჯერ ასე გადაწყვიტეს, მერე ვნახოთ. ყოველ დღეს მივმართავ მერიას იმაზე, რომ ხელფასები დაბალია.

 

3042 ბენეფიციარს ვკვებავთ ახალი წლიდან, ეს 950 ოჯახია. შარშან 1000 კაცი დავამატეთ. ყველა, ვისაც პროგრამით სარგებლობა ეკუთვნოდა, მოგვმართეს და დავაკმაყოფილეთ. მე რომ მოვედი, 2150 ბენეფიციარი დამხვდა.

 

როცა ვეუბნები 1000 კაცი დავამატეთ-მეთქი, წერენ, რომ 2014 წელს გაჭირვებულების რაოდენობა 1000 კაცით გაიზარდა, ადრე კი 500-ით იზრდებოდა. სინამდვილეში სხვა სურათი გვქონდა – აიპი შეიქმნა აპრილში და იმ დროისთვის 800 განცხადება მქონდა. ერთ თვეში დავამატეთ 400 ადამიანი და საახალწლოდ – დანარჩენი. ანუ გაჭირვებული ხალხი იყო, მაგრამ პროგრამაში არ სვამდნენ. გაჭირვებულს თუ ქულას არ მიანიჭებ, თუ პროგრამაში არ ჩართავ, არც გეყოლება, ანუ თვალებს დახუჭავ. სინამდვილეში კი ასეთი სურათია – ჩვენ ვკვებავთ იმ ხალხს, ვისაც 57 ათასი ქულა აქვს. ბათუმში 57 ათასი ქულით 5 300 ადამიანია დარეგისტრირებული.
რიგში ახლაც გვყავს ხალხი და რიგი სულ იქნება – 2015 წლის შემდეგ 159 განცხადებაა შემოსული, 290 ბენეფიციარს მოიცავს. აქედან ყველაზე მეტი – 235 „ოცნების ქალაქიდან“ არის, ხელვაჩაურში კომპაქტურად ჩასახლებულებს ანიჭებენ ქულებს. ბათუმიდან დაახლოებით 50 ბენეფიციარი, 15 ოჯახია. მერიაში კიდევ ერთი სასადილოს დამატების საკითხი განიხილება.

 

ბიუჯეტში ერთი ადამიანისთვის დღეში 1,70 ლარია გამოყოფილი. მთლიანი ბიუჯეტი 1 მილიონ 70 ათასი ლარია. რამდენი ადამიანიც დაემატება, იმდენ 1,70 ლარს დაგვიმატებენ. ახლა პრემიები მოგვიხსნეს და იმდენი ვეღარ მივიღეთ, მაგრამ ბენეფიციარებს შესყიდვებში მიღებული ეკონომიებით საჩუქრებს ვუკეთებთ. ახლა დარჩენილი გვაქვს 80 ათას ლარამდე ეკონომია. მარიამობაზე გვინდა გაყინული ქათამი და ზეთი დავურიგოთ, სადღაც 10 ლარი დაგვიჯდება ერთი ადამიანი. 15-ლარიანი საჩუქრები საახალწლო-საშობაოდ გავაკეთეთ თითო ბენეფიციარზე. სააღდგომოდ პასკა და კვერცხი დავარიგეთ.

 

ლარის კურსს ჩვენზე არ უმოქმედია – ტენდერები დამთავრებული გვაქვს. მომწოდებელი მოგებას ვერ იღებს, მაგრამ არც ზარალდება. ჯერჯერობით არავინ არაფერს ამბობს, 18-მდე მომწოდებელი გვყავს.



ბენეფიციარები. ტაბიძის სასადილო. პარასკევი



რამე პრაზდნიკია თუ რა ხდება?! – კითხულობს რიგში მამაკაცი. ის ტაბიძის ქუჩაზე არსებულ უფასო სასადილოს წინ, ხის ძირში ზის. ის ამ სასადილოს ბენეფიციარია. მამაკაცი კითხვას აზუსტებს – რიგი დიდია და რა ხდება ვერ გავიგე?!

 

ახალგაზრდა ქალს, რომელიც რიგიდან სავსე ჩანთებით გამოდის, ამ კითხვებზე პასუხი აქვს: „გადამღებს რომ დაინახავენ, საჭმელს ცხიმი ემჩნევა. წავა გადამღები და ისევ ისეთი საჭმელი იქნება“. გადამღები მისთვის „ბათუმელების“ ფოტოობიექტივია.

 

საჭმლის ხარისხზე საუბრის დროს ქალი რამდენად ობიექტურია, ძნელი სათქმელია. მას თავისი ოჯახის 7 წევრისთვის ყოველდღე ამ სასადილოდან მიაქვს საჭმელი.

 

რიგში 10 წლის ბიჭი დგას. ერთი სული აქვს, როდის დაელაპარაკები. პირველმა კითხვამ აშკარად იმედი გაუცრუა. კითხვაზე: „აქ რა გინდა, სკოლაში რატომ არ ხარ?“ პასუხობს, რომ მეორე ცვლაში სწავლობს. ბიჭი ამბობს, რომ სამი ძმა და ოთხი და ჰყავს. კიდევ რძალი და სიძეც. ამბობს, რომ სასადილოდან მხოლოდ პური მიაქვს და თუ იქნა – „სასისკებიც“. `დანარჩენი საჭმელი გასინჯული მაქვს, მაგრამ არ მომწონს. სახლში გაკეთებული მირჩევნია. არ მიყვარს აქაური საჭმელი“, – ასკვნის ბიჭი და რიგის სიღრმეში მიიწევს. 


 

ბათუმის მერია და საკრებულო

 

ბათუმის საკრებულოს წევრებზე გაცემული პრემიების ოდენობამ 2015 წლის პირველ კვარტალში 70 ათას 80 ლარი შეადგინა. საკრებულოს სულ 25 წევრი ჰყავს.

 

საკრებულოში ყველაზე მაღალი პრემია – 4 125 ლარი საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი ჭეიშვილს მიუღია. პრემია მისი სამი თვის ხელფასის ნახევარს შეადგენს.

 

2015 წლის პირველ კვარტალში 3 525 ლარი პრემია აქვს მიღებული ირაკლი ჩავლეიშვილს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს.

 

3 000 ლარის ოდენობით აქვთ მიღებული პრემია საფინანსო და ეკონომიკური რეფორმების კომისიის თავმჯდომარეს თენგიზ აფხაზავას, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა თავმჯდომარეს ლევან კინწურაშვილს, ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარეს ლაშა სირაბიძეს, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს დიმიტრი დარჩიას, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს ნინო ბერაძეს. ასევე ფრაქციების თავმჯდომარეებს: თამაზ თურმანიძეს, თეიმურაზ ყურაშვილს, კობა ჩხეიძეს, გიორგი კირთაძეს და გიორგი ცინცქილაძეს [თითოეულს, ცალკე, ხელფასის სახით, პირველ კვარტალში 6 000 ლარი აქვს მიღებული].

 

პრემიის სახით 2015 წლის პირველ კვარტალში საკრებულოს მაღალი თანამდებობის პირებზე გაცემულმა თანხამ სულ 37 650 ლარი შეადგინა.

 

პირველი იანვრიდან მარტის ჩათვლით საკრებულოს აპარატის 38 თანამშრომელს 32 430 ლარი აქვს მიღებული პრემიის სახით. მათგან ყველაზე მაღალი პრემია – 1650 ლარი – აპარატის უფროსს პარმენ მგელაძეს მიუღია, ყველაზე მცირე – 200 ლარი კი, მეორე კატეგორიის სპეციალისტს.

 

საერთო ჯამში, 2015 წლის პირველი იანვრიდან მარტის ჩათვლით ხელფასისა და პრემიების სახით ბათუმის საკრებულოში 243 ათას 106 ლარი და 36 თეთრი გაუციათ.

 

რაც შეეხება ბათუმის მერიას – მერს, გიორგი ერმაკოვს ამ წლის პირველ კვარტალში არც პრემია მიუღია და არც დანამატი. ვიცე-მერ ბაგრატ მანველიძეს 10 480 ლარი მიუღია, აქედან დანამატი 4030 ლარია. ზურაბ ბერიძესა და ალექსანდრე მითაიშვილს დანამატის სახით კვარტალურად 3842 ლარი მიუღიათ, მათი ხელფასი – 6150 ლარია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი