ახალი ამბები

ნიკა მელიას განაჩენის მერე, სავარაუდოდ, დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდება 

2 დეკემბერი, 2019 • 1799
ნიკა მელიას განაჩენის მერე, სავარაუდოდ, დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდება 

ენმ-ის ლიდერს, ნიკა მელიას, რომლის მიმართაც დღეს სასამართლომ “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმეზე განაჩენი გამოაცხადა, სავარაუდოდ, დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდება. 

სასამართლომ მელია დამნაშავედ ცნო მის მიმართ წარდგენილ ერთ მუხლში და 25 ათასლარიანი ჯარიმა შეუფარდა, ასევე შეუზღუდა 2 წლითა და სამი თვით თანამდებობის დაკავება. 

დეპუტატის მანდატი თანამდებობა არ არის, თუმცა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, დეპუტატს უფლებამოსილება უჩერდება იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. 

რეგლამენტის თანახმად,  პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში გამოითხოვს განაჩენს და დაუყოვნებლივ ამზადებს შესაბამის დასკვნას.

პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს, გარდა რეგლამენტის 86-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რეგლამენტით დადგენილი წესით შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას და წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხი პარლამენტის ბიუროს განსახილველად შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ განიხილოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე კენჭისყრა დაუშვებელია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი