ახალი ამბები

იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობის გადაუწყვეტელი ბედი და პროტესტი ცათამბჯენებს

18 მაისი, 2015 • • 2177
იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობის გადაუწყვეტელი ბედი და პროტესტი ცათამბჯენებს

კომისიის გადაწყვეტილებით, მერიამ ხელახლა უნდა დაამუშაოს განაშენიანების გეგმა, რაც ნიშნავს, რომ უნდა განისაზღვროს, სად, რამდენსართულიანი შენობა უნდა განთავსდეს, რამდენი ხე უნდა მოიჭრას ამისთვის, უნდა მოიჭრას თუ არა საერთოდ და მსგავსი საკითხები, შემდეგ კი საკითხი არქიტექტურის საბჭოზე უნდა გავიდეს გადაწყვეტილების მისაღებად.

 

დეპუტატები აცხადებენ, რომ თბილისის მერიამ ნებართვა უკანონოდ გასცა.

 

“ვიდრე ამ ტერიტორიის განაშენიანების გეგმა დამტკიცდებოდა და ვიმსჯელებდით ჩვენ საკრებულოს სხდომამდე, მანამდე თბილისის მერიამ გასცა ხეების მოჭრის ნებართვა და დღეს უკვე აშენების მიზანშეწონილობაზე ვმსჯელობთ. პირიქით უნდა ყოფილიყო ეს საკითხი, ჯერ უნდა გვემსჯელა მიზანშეწონილობაზე და შემდეგ უნდა მომხდარიყო ამ ხეების გაჩეხვა”,- ამბობს მამუკა ახვლედიანი.


გადავარჩინოთ იპოდრომი, არა ცათამბჯენებს! - აქცია თბილისის საკრებულოსთან, 18.05.2015
გადავარჩინოთ იპოდრომი, არა ცათამბჯენებს! – აქცია თბილისის საკრებულოსთან, 18.05.2015

 

თამარაშვილის #13-ში 11 მიწის ნაკვეთი წინა ხელისუფლების პირობებში “არქი ჯგუფმა” შეიძინა. როგორც საკრებულოს წევრები განმარტავენ, საუბარია 11 მიწის ნაკვეთზე, რომელიც იპოდრომის ტერიტორიაზე მდებარეობს. ეს ტერიტორია რეკრეაციული ზონაა და საბოლოო პროექტის განხორციელებას ასობით ხის მოჭრა დასჭირდება.

 

ხეების ჭრა მშენებლობის მიზნით 27 აპრილს მოხდა. საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ამ დღეს 12 ხე მოიჭრა, ხეების ჭრაზე ნებართვა მერიამ გასცა, სულ 30 ხეზე.

 

“18 ხე იმიტომ გადარჩა, რომ მოსახლეობა ფეხზე დადგა”,- ამბობს ელისაშვილი.

 

დღეს კომისიის სხდომის პარალელურად აქცია მიმდინარეობდა საკრებულოს წინ, სადაც მაცხოვრებლები დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებდნენ. ის ადამიანები, რომლებიც იპოდრომის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ესწრებოდნენ საკრებულოს სხდომას. გარდა იმისა, რომ კომპლექსის მშენებლობით ასეულობით ხე უნდა მოიჭრას, ასევე ზარალდებიან ის ადამიანები, რომლებიც იპოდრომის ტერიტორიაზე უკვე ცხოვრობენ. “არქი ჯგუფს” 38  და 24-სართულიანი ცათამბჯენების მშენებლობა აქვს დაგეგმილი. მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ახალი შენობები მათ სახლებს დაჩრდილავს, გააიაფებს და სხვა.

 

“რაც m2 -ს გაუკეთა “აქსისმა”, იგივეა. m2 -მა ააშენა და აქსისმა წინ აუშენა კორპუსი, ჩვენი აშენებულია და კიდევ ახალ კორპუსს გვიშენებენ წინ”,- ამბობს გიორგი შილაკაძე, თამარაშვილის #13-ის საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.

 

საკრებულოს დეპუტატების ნაწილი ითხოვს, რომ მერიამ გამოისყიდოს გასხვისებული ტერიტორია და იქ კომპლექსი საერთოდ არ აშენდეს.


გადავარჩინოთ იპოდრომი, არა ცათამბჯენებს! - აქცია თბილისის საკრებულოსთან, 18.05.2015
გადავარჩინოთ იპოდრომი, არა ცათამბჯენებს! – აქცია თბილისის საკრებულოსთან, 18.05.2015

 

“იქ არის მზამზარეული სკვერი, რეკრეაციული სივრცე, რომელიც დანაშაულებრივად გაიყიდა, მაგრამ წინა ხელისუფლებამ რომ დანაშაული ჩაიდინა, უნდა წავუყრუოთ ამ დანაშაულს? იმისთვისაა ხელისუფლება, რომ ვითარება გამოასწოროს, ვითარების გამოსწორება იქნება ის, რომ მერიამ, რომელსაც თავზე საყრელი ფული აქვს და სად დახარჯოს არ იცის და ვერ ახერხებს ფულის დახარჯვას, გამოისყიდოს ის სივრცე და მიენიჭოს რეკრეაციული სტატუსი.  ასეთი რეალობა არ უნდა იყოს ქალაქში, რომ დეველოპერები კარნახობდნენ პირობებს, პირიქით, უნდა ხდებოდეს,” – ამბობს ელისაშვილი.

 

რა დაუჯდება სახელმწიფოს მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა, ცნობილი არ არის, ეს თანხა მერიის არქიტექტურის სამსახურმა უნდა დათვალოს, თუმცა ელისაშვილი ვარაუდობს, რომ ეს თანხა 30 მილიონი იქნება.


გადავარჩინოთ იპოდრომი, არა ცათამბჯენებს! - აქცია თბილისის საკრებულოსთან, 18.05.2015
გადავარჩინოთ იპოდრომი, არა ცათამბჯენებს! – აქცია თბილისის საკრებულოსთან, 18.05.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი