ახალი ამბები

“ვინც გარეთ სტვენს, ბავშვებს ნიჩბებით ყრიდა ციხეში” – წულუკიანი

29 ნოემბერი, 2019 • 1275
“ვინც გარეთ სტვენს, ბავშვებს ნიჩბებით ყრიდა ციხეში” – წულუკიანი

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა შეურაცხმყოფელი შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით, დატოვა ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა, სადაც ის გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდა. შენობის დატოვებამდე მან ჟურნალისტებს უთხრა, არ იზიარებს აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს და ხელისუფლება დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

“ის ხალხი, ვინც გარეთ სტვენს, არის ის ხალხი, ვინ ბავშვებს ნიჩბით ყრიდა ციხეში. ამიტომ ეს ფონი სიმბოლურია. მადლობა მათ ამ ფონისთვის იმიტომ, რომ ამით ჩვენ შევძელით, დღეს საზოგადოებისთვის დაგვენახებინა ის, თუ რა იყო მათი სახე, როდესაც ბავშვებს ციხეში ყრიდნენ, როდესაც არ არსებობდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი.

სწორედ ისინი, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ფეხქვეშ თელავდნენ გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციას და რა ხდება დღეს, როდესაც 2015 წლიდან დღემდე გატარებული რეფორმების წყალობით 4 ათასზე მეტი ბავშვი იქნა განრიდებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. ანუ  ეს 4 ათასი ბავშვი ჩვენი რეფორმების წყალობით არ მოხვდა ციხეში, ან საგანმანათებლო პროგრამაში, ან განრიდება-მედიაციის პროგრამაში. ისინი ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, ეს ბავშვები მოხვდებოდნენ ციხეში”, – თქვა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეკრებილები საზოგადოებას თავიანთ რეალურ სახეს აჩვენებენ. მან ოპოზიციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადება ურჩია.

ამის შემდეგ წულუკიანმა ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა დატოვა, სადაც დილიდან ოპოზიცია მართავდა აქციას.

“მონა, მონა!” – წულუკიანმა ამ შეძახილებისა და სტვენის ფონზე დატოვა ბიბლიოთეკა. მას პოლიციის კორდონი იცავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი