ახალი ამბები

შეშას და კასრებს არ შემოვატანინებთ, ნუ დაგვაბრუნებენ 90-იანებში – გომელაური

28 ნოემბერი, 2019 • 1583
შეშას და კასრებს არ შემოვატანინებთ, ნუ დაგვაბრუნებენ 90-იანებში – გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს, 28 ნოემბერს, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოპოზიციას რუსთაველის გამზირზე კასრებისა და შეშის შეტანის უფლებას არც სამომავლოდ მისცემს. როგორც ის ამბობს, აქციის მონაწილეები შეშას პოლიციაზე ძალადობისთვის იყენებდნენ, რის გამოც დააწესეს ეს აკრძალვა.

“მოხდა შეშების სროლა წინა დღეებში. ზოგ პოლიციელს თავი გაუტყდა, ზოგს ცხვირი გაუტყდა. შემოიტანეს გენერატორები და დენის გამათბობლები, რომლებიც არ დავუშალეთ. ეს რომ დაგვეშალა, მერე ატყდებოდა, აი, დენის “პლიტებიც” არ შემოგვატანინეს და არ გაგვათბესო. ახლა შეშებზე და ფიჩხებზე გადაერთნენ. ხან ვითომ ფიჩხები მოჰქონდათ, ხან- ნახშირი. ეს იყო თემა, რომ ჩვენ არ შეგვატანინებენ, ჭიდაობა, “ბოჭკები” და ა.შ. შემოეტანათ ეგენერატორები, პრობლემა არ იყო, პირიქით, მივეხმარეთ საწვავის მიტანაში, ჩასხმაში”, – თქვა გომელაურმა.

მისი თქმით, პირველ აქციაზე აქტივისტებს არ დაუშალეს შეშებისა და კასრების შეტანა რუსთაველის გამზირზე, სანამ ეს შეშა პოლიციის წინააღმდეგ არ გამოიყენეს.

ჟურნალისტებმა გომელაურს ჰკითხეს, სამართალდარღვევა იყო თუ არა შეშის შეტანა აქციაზე, რაზეც მან უპასუხა:

“სამართალდარღვევა იყო პოლიციელისთვის თავში სროლა. ქართულად არ ვლაპარაკობ? შეშას რომ შემოიტან და თავში ჩამარტყამ ადამიანს, ეს ნორმალურია?”

შს მინისტრმა ჟურნალისტებს უსაყვედურა, რომ მხოლოდ პოლიციის მიერ “ელემენტარულ მიწოლას” ხედავენ და ვერ ხედავენ იმას, თუ როგორ ძალადობენ აქციის მონაწილეები პოლიციაზე.

როგორც გომელაური ამბობს, პოლიცია ქუჩაში იქნება მანამ, სანამ ამის საჭიროება იარსებებს.

“4 დღე რომ გარეთ ვდგავართ დილიდან, დისკომფორტია, აბა, რა არის? მოქალაქეებისთვის. პირველ რიგში, პოლიციელებისთვის, იმ მოქალაქეებისთვის, ვინც აქ ცხოვრობს, აქ ვინც დგანან. რამდენიც საჭირო იქნება, იმდენ ხანს ვიდგებით, მათ შორის, იმ მოქალაქეების დასაცავად, ვიცნ აქციაზე დგანან. ვხედავ საჭიროებას და იმიტომ გამომყავს”, – თქვა გომელაურმა.

მისივე განმარტებით, პოლიცია მაქსიმალურად ცდილობს, რომ ძალა არ გამოიყენოს და მოქალაქეები მაქსიმალურად მშვიდობიანი ფორმებით დაშალოს და ასე გააგრძელებს მომავალშიც. გომელაურის თქმით, პოლიციას ამის რესურსი შემდეგ თქვეებში იმდენ ხანს ექნება, რამდენიც საჭირო იქნება. მან ოპოზიციას ქუჩის აქციების შეწყვეტისკენ და “კაბინეტებში დიალოგისკენ” მოუწოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი