ახალი ამბები

“კითხვის ნიშნის ქვეშ დგას 20 ივნისს ძალის გამოყენების ლეგიტიმურობა” – საიას ანგარიში

27 ნოემბერი, 2019 • 1611
“კითხვის ნიშნის ქვეშ დგას 20 ივნისს ძალის გამოყენების ლეგიტიმურობა” – საიას ანგარიში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მიიჩნევს, რომ 20 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ლეგიტიმურობას. ორგანიზაციის შეფასებით, უწყებამ ვერ მოახერხა დაძაბული ვითარების სათანადო მართვა და დეესკალაციის უზრუნველსაყოფად არ გამოიყენა კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და დიალოგის რესურსი.

ამის შესახებ საუბარია ანგარიშში, რომელშიც 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის დაშლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ლეგიტიმურობა და პროპორციაა შეფასებული. დოკუმენტი ასევე ეხება არასათანადო მოპყრობის, ჟურნალისტთა წინააღმდეგ ძალის გადამეტებისა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ჩარევის შემთხვევებს.

საიას შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძირითადად გამოიყენა უკანონო და არაპროპორციული ძალა. კერძოდ, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ცრემლსადენი გაზის პარალელურად, შსს-მ უკანონოდ დაიწყო აქციის მონაწილეთა მიმართულებით რეზინის ტყვიების სროლა:

“სავარაუდოდ, რეზინის ტყვიების გამოყენება ხდებოდა ფართო დისკრეციის პირობებში, წინასწარი თანხმობისა და ინსტრუქციის გარეშე, რაც აღნიშნული ქმედების უკანონობის კიდევ ერთ საფუძველზე მიუთითებს. რეზინის ტყვიების გამოყენება მოხდა იმ პირების მიმართ, ვისი მხრიდანაც საფრთხე არ მომდინარეობდა. ასევე დასტურდება, რომ სამართალდამცავები რეზინის ტყვიებს ახლო მანძილიდან და სასიცოცხლო ორგანოების მიმართულებით ისროდნენ“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ დაფიქსირდა პოლიციელების მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის არაერთი ფაქტი. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებული ქმედებები უტოლდება არასათანადო მოპყრობას და სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიან და ობიექტურ გამოძიებას საჭიროებს:

“არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარნენ ის პირებიც, რომლებიც დაკავების შემდეგ სამართალდამცავთა ეფექტიანი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ. პარლამენტის ეზოს შესასვლელ კიბეებთან მოწყობილმა ე.წ. „სამართალდამცავთა კორდონმა“ და პარლამენტის ეზოში განხორციელებულმა ფიზიკურმა და სიტყვიერმა ძალადობამ მიაღწია სისასტიკის მინიმალურ ზღვარს, რაც ქმნის დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის საფუძველს და საჭიროებს გამოძიებას შესაბამისი პასუხისმგებელი პირების გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.

ამასთან, ადგილი ჰქონდა მედიის წარმომადგენელთა უფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების, არასათანადო მოპყრობისგან დაცვის უფლების, საკუთრების უფლების დარღვევის მძიმე შემთხვევებს, ასევე, ჟურნალისტთათვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებს” ,- ვკითხულობთ ანგარიშში.

საიას ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ 20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასობრივად გამოიყენა აქციის მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დაკავების პრაქტიკა, რის შედეგადაც 342 პირს შეეზღუდა თავისუფლება, ხოლო მათგან 121 დაექვემდებარა ყველაზე მძიმე სანქციას – ადმინისტრაციულ პატიმრობას.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ გამოყენებული პრაქტიკა და მისი მასშტაბები ადასტურებს, რომ დღეს მოქმედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს სახელმწიფო მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დაუსაბუთებლად შეზღუდვის ინსტრუმენტად ინარჩუნებს.

ანგარიშშის მიხედვით, 20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული დაკავება გამოიყენა განურჩევლად, ინდივიდუალური ქმედებების შეფასების გარეშე, მათ შორის, იმ პირთა მიმართ, რომლებიც არ იყვნენ აქციის მონაწილეები ან/და მათი ქმედებები არ წარმოშობდა ადმინისტრაციული დაკავების სამართლებრივ საფუძვლებს.

სასამართლოში საქმეების განხილვის შეფასებისას კი ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების სასამართლოში ფორმალურმა განხილვამ კიდევ ერთხელ გამოააშკარავა სამართალდარღვევის საქმეების განხილვისთვის დამახასიათებელი სისტემური და პრაქტიკული პრობლემები:

“21 ივნისის დღის განმავლობაში და შემდგომ სახდელების გამოყენების პრაქტიკა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მოსამართლეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ურთიერთშეთანხმებულ, მართულ ქმედებას და არა – საქმეთა ინდივიდუალურ და დამოუკიდებელ განხილვას“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

საია მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დროულად ჩატარდეს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება აქციის დაშლის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, მათ შორის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას, ასევე, სხვა სამართალდამცავების ქმედებებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების გამოკვეთისა და მათთვის პასუხისმგებლობის სათანადო ზომების დაკისრების მიზნით.

ასევე, გამოძიებით დადგინდეს, გაიცა თუ არა ბრძანება რეზინის ტყვიების გამოყენების თაობაზე და, ასეთის არსებობის შემთხვევაში,  ვის მიერ.

საია-ს რეკომენდაციები პროკურატურას
  • დროულად ჩატარდეს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება აქციის დაშლის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, მათ შორის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას, ასევე, სხვა სამართალდამცავების ქმედებებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების გამოკვეთისა და მათთვის პასუხისმგებლობის სათანადო ზომების დაკისრების მიზნით.
  • გამოძიებით დადგინდეს  რეზინის ტყვიების გამოყენების თაობაზე გაიცა თუ არა ბრძანება და, ასეთის არსებობის შემთხვევაში,  ვის მიერ.
  • ჩატარდეს ეფექტიანი გამოძიება დაკავების დროს და შემდგომ პოლიციელთა მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, სამართალდამცავთა ქმედებებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების გამოკვეთისა და მათთვის პასუხისმგებლობის სათანადო ზომების დაკისრების მიზნით.
  • გამოძიების ფარგლებში დაშავებულ აქციის მონაწილეებს, ასევე, უბრალო გამვლელებს, რომლებიც აქციის ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩნდნენ, მიენიჭოთ დაზარალებულის სტატუსი;
  • დროულად ჩატარდეს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით. პროკურატურამ უზრუნველყოს პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და სათანადოდ დასჯა;
  • დაშავებულ ჟურნალისტებს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დროულად მიენიჭოთ დაზარალებულის სტატუსი; სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების პარალელურად, გამოძიება ასევე გაგრძელდეს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა დასჯად ქმედებას წარმოადგენს;
  •  მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.
საია-ს რეკომენდაციები შსს-ს
  •  აქციის დაშლისას მყისიერი საფრთხის გამომრიცხავ გარემოებებში უზრუნველყოს სპეციალური საშუალებების გამოყენების თაობაზე გაფრთხილება კანონით დადგენილი ფორმით;
  • სამართალდამცავებს მიეცეთ მკაცრი მითითება რეზინის ტყვიის გამოყენების წესების დაცვასთან დაკავშირებით;
  • რეზინის ტყვიების გამოყენებამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკაფიო ინსტრუქციები მისცეს სამართალდამცავებს, რათა თავიდან იყოს აცილებული მათი თავისუფალი მოქმედება ამ საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით;
  • აწარმოოს რობოკოპის აღჭურვილობის მკაცრი აღრიცხვა, რათა შესაძლებელი გახდეს იმ სამართალდამცავთა იდენტიფიცირება, რომლებმაც სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტეს;
  • აქციის მიმდინარეობისას დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით, დროულად გამოიყენოს კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და დიალოგის რესურსი;
  • უზრუნველყოს თანამშრომელთა მომზადება მედიის წარმომადგენლების ფუნქციის, პასუხისმგებლობისა და უფლებების შესახებ, განსაკუთრებით კი – აქციების დროს მათი როლის თაობაზე. აღნიშნული ხელს შეუწყობს სამომავლოდ აქციის დაშლის დროს ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლებისთვის მათი პროფესიული საქმიანობის განხორციელების ხელშეშლის პრევენციას;
  • უზრუნველყოს სათანადო სტანდარტების დანერგვა და შესაბამისი ტრენინგების ჩატარება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის აქციის დაშლის დროს დემონსტრანტებისგან მედიის წარმომადგენლების გამიჯვნის უზრუნველსაყოფად;
  • გადადგას ქმედითი ნაბიჯები ე.წ. „სამართალდამცავთა კორიდორის“ მოწყობის პრაქტიკის აღმოსაფხვრელად;
  • ერთჯერადი პლასტმასის ხელბორკილის (ცალუღის) დადებისას სამართალდამცავმა დაკავებული პირი გააფრთხილოს, რომ ძალდატანებამ/ წინააღმდეგობის გაწევამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ხელბორკილის შევიწროება ან სხეულის დაზიანება;
  • სამართალდამცავებმა მყისიერი რეაგირება მოახდინონ იმ დაკავებულთა პრეტენზიებზე, რომლებიც უჩივიან ხელბორკილის დადების ფორმასა და ინტენსივობას. ამ მიზნით, პოლიციელები აღიჭურვონ ხელბორკილის გამხსნელი სპეციალური საშუალებით;
  • შსს-მ უზრუნველყოს, რომ შეკრებებში მონაწილეთა დაკავება განხორციელდეს მხოლოდ კანონიერი საფუძვლების არსებობისას, ძალის ზედმეტი გამოყენების გარეშე;
  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებში მოხდეს სამართალდარღვევის ფაქტის დეტალური აღწერა;
  • ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების იზოლატორში მოთავსების შეუძლებლობის შემთხვევაში, მათ შესაბამისი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდეთ;
  • მოხდეს პოლიციის თანამშრომელთა გადამზადება ადმინისტრაციული წესით დაკავების წინაპირობების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დოკუმენტაციის მომზადებისა და დაკავებულ პირებთან შესაბამისი კომუნიკაციის თაობაზე;
  • სამინისტრომ შეიმუშაოს წესი სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის შენახვის ვადებთან დაკავშირებით იმის მიხედვით, თუ რა ტიპის სამართალდარღვევას შეეხება ეს ინფორმაცია;
  • დაინერგოს სპეციალური პროგრამა, რომელიც სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციას ავტომატურად წაშლის ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის გასვლისთანავე.
საია-ს რეკომენდაციები პარლამენტს
  • განხორციელდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც არსებულ კანონმდებლობას შეცვლის კონსტიტუციასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ახალი კოდექსით და დაასრულებს მისი გამოყენების პრაქტიკას პოლიტიკური მიზნებით, საპოლიციო რეჟიმის ინსტრუმენტად;
  • გაუქმდეს ადმინისტრაციული პატიმრობა, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციის სახე;
  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის ბუნების გადაცდომებზე გავრცელდეს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით ბრალდებულისთვის გარანტირებული საპროცესო უფლებები.
საია-ს რეკომენდაციები სასამართლოს
  • მოსამართლეებმა გონივრული ვადა დაუთმონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვას;
  • მოსამართლეებმა უარი თქვან მხოლოდ პოლიციელთა მიერ წარდგენილ ოქმებსა და პოლიციელთა ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით პირის სამართალდამრღვევად ცნობის პრაქტიკაზე და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დადასტურდება, გადაწყვიტონ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის სასარგებლოდ.

სრულად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიში წაიკითხეთ ბმულზე.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.

პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი