ახალი ამბები

იმედგაცრუებულნი ვართ ცინიკური და მოღალატეობრივი ნაბიჯით – EPP პროპორციულზე

21 ნოემბერი, 2019 • 1379
იმედგაცრუებულნი ვართ ცინიკური და მოღალატეობრივი ნაბიჯით – EPP პროპორციულზე

„ევროპის სახალხო პარტია“ (EPP), რომელსაც ევროპარლამენტში ყველაზე მეტი პარლამენტარი ჰყავს და რომლის პარტნიორებიც საქართველოში „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არიან, პროპორციული სისტემის ჩაგდების გამო მმართველ პარტიას აკრიტიკებს.

19 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „ევროპის სახალხო პარტია ძლიერ იმედგაცრუებულია მმართველი პარტიის ცინიკური და მოღალატეობრივი ნაბიჯით“.

„საქართველოში ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოება, შეთანხმდა, რომ პროპორციული სისტემა საჭიროა პლურალისტური პოლიტიკური გარემოსთვის, ხოლო არსებული შერეული სისტემა სამართლიანად არის გაკრიტიკებული [არჩევნებში გამარჯვებულისთვის] ჭარბი უმრავლესობის მინიჭების გამო“, — წერს EPP.

„ევროპის სახალხო პარტიის“ თანახმად, „პასუხისმგებლობა პოლიტიკური კრიზისებზე სრულად ეკისრება ახლანდელ მთავრობას“. შესაბამისად, პარტია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან, პატივი სცენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და იფიქრონ პოლიტიკურ გამოსავალზე“.

„კომპრომისზე წაუსვლელობა ქვეყანას საშიშ გზაზე დააყენებს, რაც გამოიწვევს საქართველოს მეგობრების მწვავე იმედგაცრუებას და მხოლოდ ისინი დარჩებიან მოგებულნი, ვისაც სურს, საქართველო  ევრო-ატლანტიკური რელსებიდან გადავიდეს“.

პრორპოციული სისტემის ჩაგდება გააკრიტიკა ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულმა ალიანსმა (S&D), რომელიც „ქართული ოცნების“ პარტნიორი პოლიტიკური ჯგუფია. S&D აცხადებს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო წუხილს გამოთქვამს და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირების შესრულებას მოელის.

ევროპაში “ოცნების” პარტნიორი S&D ჯგუფი პროპორციულ სისტემაზე დაპირების შესრულებას მოელის

მასალების გადაბეჭდვის წესი