ახალი ამბები

ევროპაში “ოცნების” პარტნიორი S&D ჯგუფი პროპორციულ სისტემაზე დაპირების შესრულებას მოელის

20 ნოემბერი, 2019 • 2380
ევროპაში “ოცნების” პარტნიორი S&D ჯგუფი პროპორციულ სისტემაზე დაპირების შესრულებას მოელის

ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი (S&D), რომელიც “ქართული ოცნების” პარტნიორი პოლიტიკური ჯგუფია, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო წუხილს გამოთქვამს და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირების შესრულებას მოელის.

შესაბამისი განცხადება ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების ჯგუფის მიერ Twitter-ზე გამოაქვეყნა.

“შეშფოთებული ვართ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით. საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობა, რომელიც “ქართული ოცნების” მიერ იყო ინიცირებული, ქვეყნის დემოკრატიული გაძლიერების გასაღებია. ველით, რომ ყველა მხარე შეასრულებს ქართველი ხალხისადმი მიცემულ ამ დაპირებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპის სოციალისტური პარტია ევროკავშირის პარლამენტში წარმოდგენილია სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის სახით (S&D). ევროპის სოციალ-დემოკრატიული, სოციალისტური და ლეიბორისტული პარტიები და ორგანიზაციები ერთიანდებიან საერთაშორისო ქსელ “პროგრესულ ალიანსში”, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოს მასშტაბით 130-ზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს. “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ალიანსის დამკვირვებელი წევრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი