ახალი ამბები

პრეზიდენტმა რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებულ ჭაღში $59 000 გადაიხადა – IDFI

19 ნოემბერი, 2019 • 3900
პრეზიდენტმა რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებულ ჭაღში $59 000 გადაიხადა – IDFI

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ინფორმაციას ათონელზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციის ანტიკვარული და თანამედროვე ნივთებით კეთილმოწყობის ხარჯების შესახებ.

შესაბამისი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებით IDFI-მა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურს, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას,  სსიპ ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიმართა.

IDFI-ს თანახმად, აღნიშნული ინფორმაციის გაანალიზების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი მიგნებები:

  • საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის, ადმინისტრაციის მიერ შერჩეული ანტიკვარული და თანამედროვე ავეჯის, სანათი საშულებების და ინტერიერის სხვადასხვა აქსესუარის შესყიდვისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 2 800 000 ლარი;
  • სულ დაიხარჯა 2 174 783 ლარი, საიდანაც 1 199 558 ლარი მოხმარდა ანტიკვარული ავეჯის და ინტერიერის აქსესუარების შეძენას, 255 000 ლარი- მათ რესტავრაციას, ხოლო 720 225 ლარი – თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებების და ფარდების შესყიდვას;
  • ოქმების მიხედვით, ეროვნულმა მუზეუმის სამუშაო ჯგუფმა ორ დღეში ადგილზე შეისწავლა 58 ანტიკვარული ნივთი და მათი ვიზუალური დათვალირებით განსაზღვრა მათი შესყიდვის მიზანშეწონილობა;
  • კომისიის თანხმობით სულ შესყიდულია 47 ოქმის მიხედვით შეფასებული ანტიკვარული ნივთები, მათ შორის: 10 გარნიტური/სამეული, 7 ბული/ბიურო მარკეტრი, 7 ჭაღი, 5 მაგიდა, 3 ბუხრის საათი, 3 სარკე, 3 შანდალი, 2 ხალიჩა და სხვა;
  • ათონელის რეზიდენციისთვის შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებული XIX საუკუნის ჭაღი – 59 000 აშშ დოლარი;
  • ოთხ ანტიკვარულ ჭაღში – ჯამში, 133 410 აშშ დოლარი / 391 112 ლარი დაიხარჯა;
  • შეძენილ ანტიკვარულ ნივთებს შორის ვხდებით სხვადასხვა ძვირადღირებულ ინტერიერის აქსესუარებს. მაგალითად, 8 500 აშშ დოლარად შესყიდულია შვიდი ირანული ფერწერული ტილო, 4 310 აშშ დოლარად – ირანული მამლის ფიგურების წყვილი, 3 წყვილი შანდალი – თითოეულის ფასი 3000- დან 8000 აშშ დოლარამდე, 3 ბუხრის საათი – თითოეულის ფასი 7000- დან 18 000 აშშ დოლარამდე, შუააზიური ორი ხალიჩა – თითოეულის საწყისი ფასი 5000- დან 7000 აშშ დოლარამდე და სხვა;
  • შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის არცერთი არ არის ქართული წარმომავლობის. 25 ერთეულზე მითითებულია ევროპული წარმომავლობა, 11 ერთეული – ფრანგული, 6 ერთეული – რუსული, 3 ერთეული -ირანული, ხოლო 2 ერთეული – შუააზიური;
  • პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის, ანტიკვარული ნივთების გარდა, ტენდერის გარეშე დამატებით შესყიდულია 111 ერთეული სხვადასხვა ტიპის თანამედროვე ავეჯი (1 ბიბლიოთეკის კედელი, 2 ტახტი, 13 მაგიდა, 60 სკამი/სავარძელი, 22 კონსოლი, 5 ტუმბო/დესაო, 8 პედესტალი);
  • შესყიდული 17 თანამედროვე ჭაღიდან თითოეულის ფასი 1900-დან 6 000 ლარამდე მერყეობს, 38 ტორშერიდან თითოეულის ფასი – 300-დან 4 000 ლარამდე, 49 ბრიდან – თითოეულის ფასი – 700- დან 2700 ლარამდე, 9 მაგიდის ლამპიდან – თითოეულის ფასი 1100-დან 1 500 ლარამდე, 7 ნათურა – თითოეულის ფასი 41,9 ევრო.

IDFI მიიჩნევს, რომ მსგავსი შინაარსის შესყიდვებისთვის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება სარეზერვო ფონდის განკარგვის მთავარ პრინციპს, რაც თანხების გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის გამოყოფას გულისხმობს, ხოლო  ბაზრის სათანადო შესწავლის და კონკურენციის  არარსებობის პირობებში განხორციელებული სოლიდური ღირებულების შესყიდვები მნიშვნელოვნად ზრდის საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური განკარგვის რისკებს; ამასთან, საბიუჯეტო სახსრებით პრეზიდენტის რეზიდენციის მაღალფასიანი ანტიკვარული ნივთებით კეთილმოწყობა ვერ ჩაითვლება საზოგადოებისათვის და მომავალი თაობებისთვის კულტურული ფასეულობების შენარჩუნების ოპტიმალურ  გადაწყვეტილებად და  პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესატყვის საქმიანობად.

IDFI მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, დეტალურად შეისწავლოს სარეზერვო ფონდიდან პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობისათვის გამოყოფილი თანხების  განკარგვის მიზნობრიობა და ხარჯთეფექტურობა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი