ახალი ამბები

ბლოკირება უკანონოა, მოვუწოდებ სამართალდამცავებს, იმოქმედონ კანონის შესაბამისად – კობახიძე

18 ნოემბერი, 2019 • 1130
ბლოკირება უკანონოა, მოვუწოდებ სამართალდამცავებს, იმოქმედონ კანონის შესაბამისად – კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქცია პარლამენტის პიკეტირების გამო ეწინააღმდეგება კანონს და პოლიციას მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის შესაბამისად.

“მოვუწოდებ ყველას, იმოქმედონ კანონის შესაბამისად. თუ ისინი არ იმოქმედებენ კანონის შესაბამისად, ამ შემთხვევაში მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს, რომ მათ იმოქმედონ კანონის შესაბამისად.

რეაგირება უნდა იყოს მოქმედი კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად. ჩვენ პატივს ვცემთ მშვიდობნიანი გამოხატვის უფლებას, თუმცა ბლოკირება ცალსახად ეწინააღმდეგება კანონს. აქ ორმაგი ინტერპრეტაცია შეუძლებელია, კანონში პირდაპირ წერია ეს. აქედან გამომდინარე, მით უმეტეს, რადგან აქ არის საუბარი არა რომელიმე რიგითი ადმინისტრაციული ორგანოს, არამედ უმაღლესი საკონსტიტუციო ორგანოს, პარლამენტის მუშაობაზე, აქ ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია კანონის აღსრულება. რა თქმა უნდა, რეაგირება უნდა იყოს”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, “მნიშვნელოვანია კანონის აღსრულება და კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედება”.

“კონსტიტუცია გულისხმობს მშვიდობიანი მანიფესტაციის დაცვას და ამის უზრუნველყოფას. გარდა ამისა, კონსტიტუცია უზრუნველყოფს კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილების განხორციელებას”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ხელისუფლების წარმომადგენლები და შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს დილიდან აფრთხილებენ აქციის მონაწილეებს, შეწყვიტონ პარლამენტის პიკეტირება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი პოლიციელების მხრიდან “კანონის შესაბამის” ქმედებებს აანონსებენ.


რა ხდება

ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტის ყველა შესასვლელი და მიმდებარე ტერიტორია 17 ნოემბრის აქციის დროს ჩაკეტეს. ისინი ამბობენ, რომ მათ მოთხოვნების შესრულებამდე დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებენ.

ოპოზიცია მთავრობის გადადგომასა და არჩევნების ვადამდე, პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვს.

ნოემბრის აქციების მთავარი მიზეზი გახდა “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. აღნიშნული მოდელის მიხედვით მმართველი გუნდი დაკარგავდა მნიშვნელოვან უპირატესობას და პარლამენტში პარტიები იმდენ მანდატს მიიღებდნენ, მოსახლეობის რამდენი პროცენტიც უჭერს მხარს. თუმცა, “ოცნების” დეპუტატების ნაწილმა დაპირების შესრულება გადაიფიქრა და პროექტს მხარი არ დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი