ახალი ამბები

დღეს პარლამენტთან აქცია გაიმართება

17 ნოემბერი, 2019 • 1141
დღეს პარლამენტთან აქცია გაიმართება

დღეს, 3 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქცია, სახელწოდებით “დავიბრუნოთ ქვეყანა” გაიმართება. აქციაზე “ქართული ოცნების” მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროეტის ჩაგდებას გააპროტესტებენ.

“არ ვთმობთ იმას, რაც ჩვენია! ქვეყანას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მიიტაცა. აღარ ვაპირებთ შევეგუოთ ცირკს, რომელსაც ეკრანებიდან ვუყურებთ.

ჩვენი დასავლელი პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ნეიტრალური ინსტიტუტები – ყველანი აღნიშნავენ, რომ ის, რაც ქვეყანაში ხდება, ნორმალური არ არის და შეაფერხებს ჩვენს განვითარებას.

ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ გადმოკვეთა წითელი ხაზი და პროპორციული არჩევნების მისი სცენარით ჩაგდება არის ის, რის პატიებასაც არ ვაპირებთ!”-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. დღევანდელი აქციას ოპოზიციური პარტიებიც უერთდებიან.

დღეს, 17:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე აქციას “პატრიოტთა ალიანსიც” მართავს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, “პატრიოტთა ალიანსი” ხელალხა შეიტანს პროპორციულ არჩევნების კანონპროექტს პარლამენტში, თუმცა იქნება მცირედი სხვაობა. მისი განცხადებით, მათ კანონპროექტში ბუნებრივი ბარიერი 0,67%-ის ნაცვლად განსაზღვრული იქნება 0,70%-ით.

ინაშვილის თქმითვე, “პატრიოტთა ალიანისის” მიერ გამართული აქციების მთავარი მოთხოვნა იქნება ხელისუფლების გადადგომა. “ეს აქციები დამთავრდება ქართული ოცნების ხელისუფლების გადადგომით” ,- განაცხადა ინაშვილმა.

გუშინ, 16 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ “პატრიოტთა ალიანსის” აქციას ულტრანაციონალისტური დაჯგუფება “ქართული მარშიც” უერთდება.


რა ხდება

საქართველოს პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე გარდამავალი მთავრობის დაფუძნებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

მასალების გადაბეჭდვის წესი