ახალი ამბები

ირმა ინაშვილმა დამოუკიდებელი აქციები დააანონსა

14 ნოემბერი, 2019 • 1583
ირმა ინაშვილმა დამოუკიდებელი აქციები დააანონსა

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარტიის სახელით დამოუკიდებელი პერმანენტული აქციები დააანანოსა, რომელიც კვირას, 5 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება.

“მოვუწოდებთ ყველას, პირველ რიგში, ჩვენს მხარდამჭერებს, ვიმოქმედოთ მშვიდად, ჭკვიანურად და ბრძნულად. უნდა მოვიკრიბოთ ძალები და გავერთიანდეთ” ,- განაცხადა ინაშვილმა. “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა სხვა პარტიების მხარდამჭერებსაც მოუწოდა, მათ მიერ გამართულ აქციაზე მივიდნენ.

ირმა ინაშვილის თქმით, “პატრიოტთა ალიანსი” ხელალხა შეიტანს პროპორციულ არჩევნების კანონპროექტს პარლამენტში, თუმცა იქნება მცირედი სხვაობა. მისი განცხადებით, მათ კანონპროექტში ბუნებრივი ბარიერი 0,67%-ის ნაცვლად განსაზღვრული იქნება 0,70%-ით.

ინაშვილის განცხადებით, “პატრიოტთა ალიანისის” მიერ გამართული აქციების მთავარი მოთხოვნა იქნება ხელისუფლების გადადგომა.

“ეს აქციები დამთავრდება ქართული ოცნების ხელისუფლების გადადგომით” ,- განაცხადა ინაშვილმა.

პარალელურად, ოპოზიციური პარტიები სამომავლო გეგმებზე “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში შეხვედრას მართავენ.


დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო.

ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ. თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და გაითამაშა ფარსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი