ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალგორელი პაციენტის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი მათთან არ მიდიოდა

16 ნოემბერი, 2019 • 2185
ახალგორელი პაციენტის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი მათთან არ მიდიოდა

ახალგორელი პაციენტის, თამარ გიგაურის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათთვის მოულოდნელი იყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თბილისიდან ახალგორის რაიონში მათთან ჩადიოდა.

“რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია, რომ ასეთი ინფორმაცია გავრცელდა. ამ ექიმის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცოდით აქამდე და ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ის ჩვენს პაციენტთან არ მიდიოდა”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში თამარ გიგაურის ძმისშვილი ნანა გიგაური.

მისივე თქმით, თამარ გიგაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა უფრო რთულია და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს მოლაპარაკებები ოსურ ხელისუფლებასთან მისი თბილისში ტრანსპორტირების საკითხზე.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც რუსმა სამხედროებმა 9 ნოემბერს დააკავეს, ახალგორელი პაციენტის, თამარ გიგაურის დასახმარებლად მიდიოდა, რომელსაც ცხინვალის საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა არ ჩატარებია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი