ახალი ამბები

“ოცნება” “გერმანული მოდელით” არჩევნებს გამორიცხავს

15 ნოემბერი, 2019 • 1145
“ოცნება” “გერმანული მოდელით” არჩევნებს გამორიცხავს

“ქართული ოცნების” თქმით, “გერმანულ მოდელით” არჩევნების ჩატარება ასევე საჭიროებს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

“გერმანულ მოდელსაც, რომელიც საინტერესო მოდელია, სჭირდება კონსტიტუციური ცვლილებების ინიცირება. შესაბამისად, მანაც უნდა გაიაროს ის გზა, რაც არის გაწერილი კონსტიტუციაში და კანონმდებლობაში: უნდა მოხდეს მისი ინიცირება, საჯარო განხილვები და 3/4-ის მხარდაჭერა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

“ქართული ოცნების” წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პროპორციული წესით არჩევნების ჩატარების შესახებ კანონპროექტის დამტკიცება ნებისმიერი ფორმით გამორიცხულია. მდინარაძე თქმით, გუშინ, 14 ნომბერს, კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ სხვადასხვა იურისტი პოლიტიკოსების მიერ გამოხატული მოსაზრებები არ შეესაბამება რეალობას, კერძოდ, საუბარია ხმის მიცემის “გერმანულ მოდელსა” და 100 ხმით კანონპროექტის გასვლის მექანიზმებზე:

“მოვისმინე განცხადება რამდენიმე იურისტი პოლიტიკოსის მიერ. შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, ამჯერად როგორც იურისტმა, მათ მიერ წამოყენებული იურიდიული ლოგიკა ჰგავდა იმ ოთახში კედლებთან შეჯახებას, სადაც ყველაფერი ნათელია და ყველაფერი კარგად ჩანს. გამოდის, რომ ამდენი ხანი შეგვეძლო გერმანული მოდელით ჩაგვეტარებინა არჩევნები და ეს არ გვცოდნია”, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის განმარტებით, გერმანული მოდელი ითვალისწინებს დეპუტატების არჩევას პროპორციული წესით და, ამავდროულად, ნაწილი მათგანი შესაძლოა იყოს მაჟორიტარული წესით არჩეული.

“ჩვენ კონსტიტუციაში მკაცრად გვაქვს გამიჯნული, როგორც მაჟორიტარული, ასევე, პროპორციული წესით არჩეული დეპუტატები: 73 მაჟორიტარი და 77 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატი. შესაბამისად, ეს გამორიცხავს იმას, რაც წერია გერმანულ მოდელში. საარჩევნო მოდელში შეიტან ცვლილებებს, მაგრამ კონსტიტუციის საწინააღმდეგო იქნება. ანუ კონსტიტუციური ცვლილებაც საჭიროა”, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის განმარტებით, ამ ეტაპზე ასევე შეუძლებელია 100 ხმის პრინციპით კანონპროექტის მიღება. მისი განმარტებით, ამ მოდელით კანონპროექტის დასამტკიცებლად აუცილებელია, ის წარდგეს ორი მოწვევის პარლამენტზე და თითოეულ მათგანზე წარმატებით გაიაროს მოსმენების სამივე ეტაპი. იმ შემთხვევაში, თუ პირველი მოწვევის პარლამენტში კანონპროექტს ექნება 100 ხმა, ის უნდა განიხილონ მეორე მოწვევის პარლამენტზე, თუმცა, მდინარაძის განცხადებით, “იურიდიული ლოგიკა ამ მოთხოვნებში არ იყო”.

100 ხმით კანონპროექტის გასვლის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ დღეს, 15 ნოებერს ისაუბრა. მისი განმარტებით, რეგლამენტსა და კონსტიტუციას შორის წინააღმდეგობრივი ჩანაწერი არსებობს – რეგლამენტის მიხედვით, კანონპროექტს ორი მოსმენის შემთხვევაში სჭირდებოდა 113 ხმა, თუმცა ეს არ არის განსაზღვრული კონსტიტუციის მიხედვით.

“თუ რეგლამენტი გასწორდება და ასეთი ჩანაწერი გაკეთდება, რომ მეორე და მესამე მოსმენის დროს, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ჯერზე 113 ხმა ვერ მოგროვდა, მაინც ითვლება მიღებულად, ის პრეზიდენტს გადაეგზავნება. ანუ ამის სამართლებრივი შესაძლებლობა არსებობს, თუ პოლიტიკური ნება იქნება. რეგლამენტის შეცვლა უფრო მარტივია, ვიდრე კონსტიტუციური ცვლილება” ,- განმარტა ეკა ბესელიამ.

დამოუკიდებებლი დეპუტატის თქმით, კონსტიტუციური ჩანაწერი ითვალისწინებს, რომ თუ კანონპროექტმა 100 ან 100-ზე მეტი ხმა მიიღო, ის მიღებულად ითვლება და გრძელდება მეორე და მესამე მოსმენები.

მასალების გადაბეჭდვის წესი