რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომლის ვიზიტსაც მოჰყვა საპროტესტო დემონსტრაციები და 20-21 ივნისის აქციის დარბევა, აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს.
როგორც „რია ნოვოსტი“ წერს, გავრილოვი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტმა ბოდიში უნდა მოუხადოს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დეპუტატების ასამბლეის ჩაშლის გამო.
ამასთან, მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა მათ უნდა წარუდგინოს ანგარიში, თუ რა ზომები მიიღეს ინციდენტის შემდეგ.
ეს ინფორმაცია „რია ნოვოსტიმ“ დაახლოებით 4 საათის წინ გაავრცელა.
19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნულ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.
20 ივნიისს თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები.
ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა 2-მა ადამიანმა დაკარგა თვალი.
ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი.
დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. სხვა მოთხოვნები — პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა და შსს მინისტრი გიორგი გახარიას გადადგომა — „ქართულ ოცნებას“ არ დაუკმაყოფილებია.