ახალი ამბები

პროტოკოლის თანამშრომელმა დაუშვა ტექნიკური შეცდომა — მდინარაძე გავრილოვის ინციდენტზე

9 ივნისი, 2021 • 1716
პროტოკოლის თანამშრომელმა დაუშვა ტექნიკური შეცდომა — მდინარაძე გავრილოვის ინციდენტზე

ფრაქცია “ქართული ოცნების” ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს, 9 ივნისს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2019 წლის 19 ივნისს რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათება “პროტოკოლის თანამშრომლის ტექნიკური შეცდომა იყო”.

“წინა დღეს ირაკლი კობახიძემ უზრუნველყო ის, რომ გავრილოვს რომ არ წაეყვანა ეს სხდომა, მისი ბერძენი თანათავმჯდომარე უნდა ყოფილიყო ამ სხდომის წამყვანი. რა მოხდაო, რომ მეკითხებით, იმ კაცმა [გავრილოვმა] პროტოკოლის რიგით თანამშრომელს უთხრა, ერთი სკამი მომიტანეო. პროტოკოლის თანამშრომელმა რა იცის, ხომ, ამ შემთხვევაში. მიუტანა სკამი და წამოსკუპდა. თუ ასეთი საკრარული ნივთის გამოჩენა გინდათ, სხვა სკამზე იჯდა, ბატონო, ის კაცი, პათეტიკურად გაგცემთ პასუხს.

წარმოიდგინეთ, ჩვენი ყველაზე დიდი დანაშაული ამაზე მეტი ამ 8-9 წლის განმავლობაში არ გახსენდებათ, რომ შეცდომა დაუშვა პროტოკოლის თანამშრომელმა. არავის ვაბრალებ, ჩვენი შეცდომა იყო, რომ ამ დარბაზში შემოვუშვით. მაგრამ ამ ტექნიკურ შეცდომას ამ საკრალურობის გამო მოჰყვა გულწრფელი ემოციები”, — თქვა მამუკა მდინარაძემ.

მისივე შეფასებით, გავრილოვის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი მალევე გადაიზარდა “ნაციონალური მოძრაობის” მიტინგში.

ფოტოზე მარჯვნივ: სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. 


რა მოხდა

2019 წლის 19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი იყო, რომელიც აღნიშნულ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.

20 ივნისს თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. არაერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი.

ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ომბუდსმენის იმავე დღეებში ამბობდა, რომ დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი მანდატი დატოვა. აქციები რამდენიმე თვის მანძილზე, სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი