ახალი ამბები

ჩუგოშვილმა და კიდევ ექვსმა დეპუტატმა “ოცნება“ დატოვეს

14 ნოემბერი, 2019 • 6852
ჩუგოშვილმა და კიდევ ექვსმა დეპუტატმა “ოცნება“ დატოვეს

დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, თამარ ჩუგოშვილმა, სოფიო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ და ირინა ფრუიძემ “ქართული ოცნება“, საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებთან განაცხადა.

განახლება 14;20 – უმრავლესობა დატოვა ზაზა ხუციშვილმაც.

ჩუგოშვილი განმარტავს, რომ ამ დეპუტატებისთვის პრინციპული საკითხი იყო პარლამენტის მიერ პროპორციული  არჩევნების დამტკიცება. კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ კი, მათი თქმით, ერთადერთი სწორი ნაბიჯი უმრავლესობისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვება იყო.

ჟურნალისტის კითხვაზე, იცოდა თუ არა ივანიშვილმა ამ გადაწყვეტილების შესახებ, თამარ ხულორდავამ განმარტა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და გუნდის სხვა წევრებმა იცოდნენ, რომ მათთვის ეს საკითხი განსაკუთრებულად პრინციპული იყო.

თამარ ჩუგოშვილი პარლამენტში ვიცესპიკერის პოსტს იკავებს, რომელსაც ტოვებს. ის ასევე მიდის “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოდან. ქაცარავა ტოვებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას, ხულორდავა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს ხელმძღვანელობს.

დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო.

ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეოებისაგან თავი შეიკავა.

ამავე თემაზე

უმრავლესობა ხუციშვილმაც დატოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი