ახალი ამბები

ომბუდსმენის მიმართ სანდრო ბრეგაძის მუქარაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

13 ნოემბერი, 2019 • 1295
ომბუდსმენის მიმართ სანდრო ბრეგაძის მუქარაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველომ 12 ნოემბერს მოძრაობა “ქართული მარშის” ლიდერის – ალექსანდრე (სანდრო) ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით
მიმდინარეობს, რაც სახალხო დამცველის სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის
შეშლის მიზნით მასზე ზემოქმედებას გულისხმობს.

12 ნოემბერს “ქართული მარშის” რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის, სანდრო ბრეგაძე, სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვდა. ომბუდსმენის ოფისში “ქართული მარშის“ მისვლას ხმაური მოჰყვა, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

საბოლოოდ შეხვედრა არ შედგა, სანდრო ბრეგაძე კი ომბუდსმენს დაემუქრა, რომ 1 კვირაში ფართომასშტაბიან აქციას მოაწყობდა და “გამოიყვანდა ოფისიდან“ და “მიუჩენდა ადგილს – პოლიტიკურ სანაგვეზე“.

ლომჯარიამ 8 ნოემბრის მოვლენების შემდეგ თქვა, რომ გამართული პროტესტი მშვიდობიან ფორმას გასცდა, შესაბამისად, პირები, რომლებიც ადამიანებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ, უნდა დაისაჯონ. ომბუდსმენის თქმით, შსს-მ გამოძიება ძალადობის ორგანიზების მუხლითაც უნდა დაიწყოს, რადგან შესაბამისი მოწოდებები აქციის ორგანიზატორებისგან ღიად ისმოდა.

“გამოგიყვანთ ამ ოფისიდან და მიგიჩენთ ადგილს… პოლიტიკურ სანაგვეზე” – ბრეგაძე სახალხო დამცველს

მასალების გადაბეჭდვის წესი