ახალი ამბები

“გამოგიყვანთ ამ ოფისიდან და მიგიჩენთ ადგილს… პოლიტიკურ სანაგვეზე” – ბრეგაძე სახალხო დამცველს

12 ნოემბერი, 2019 • 1900
“გამოგიყვანთ ამ ოფისიდან და მიგიჩენთ ადგილს… პოლიტიკურ სანაგვეზე” – ბრეგაძე სახალხო დამცველს

დღეს, 12 ნოემბერს, ე.წ. ქართული მარშის რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის, სანდრო ბრეგაძე, სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვდა. ომბუდსმენის ოფისში “ქართული მარშის“ მისვლას ხმაური მოჰყვა, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

საბოლოოდ შეხვედრა არ შედგა, სანდრო ბრეგაძე კი ომბუდსმენს დაემუქრა, რომ 1 კვირაში ფართომასშტაბიან აქციას მოაწყობდა და “გამოიყვანდა ოფისიდან“ და “მიუჩენდა ადგილს – პოლიტიკურ სანაგვეზე“.

“ახლა კარგად მომისმინე, ლომჯარია! დაახლოებით ერთ კვირაში რამდენიმე ათას კაცთან ერთად მე მოვალ აქ, შემოვალ ამ ოფისში და ვერავინ ხელს ვერ შემიშლის ჩემი კანონიერი უფლების შესრულებაში. შენ და შენს ამფსონებს გამოგიყვანთ ამ ოფისიდან და მიგიჩენთ ადგილს იქ, სადაც არის თქვენი ადგილი – ეს არის პოლიტიკური სანაგვე.

და გადაგაყენებთ დაკავებული თანამდებობიდან იმიტომ, რომ შენ ხარ უნამუსო ადამიანი, შენ ხარ მოძალადე, შენ ხარ კანონდამრღვევი და ახლა გინდა დაიმალე, გინდა მაგის ქვეშ შეძვერი”, – ამბობს სანდრო ბრეგაძე.

რაც შეეხება სახალხო დამცველის პოზიციას, ომბუდსმენის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის თქმით, თავდაპირველად სანდრო ბრეგაძე სახალხო დამცველს უნდა შეხვედროდა ფილმზე “და ჩვენ ვიცეკვეთ“ გაკეთებული განცხადების გამო.

ლომჯარიამ 8 ნოემბრის მოვლენების შემდეგ თქვა, რომ გამართული პროტესტი მშვიდობიან ფორმას გასცდა, შესაბამისად, პირები, რომლებიც ადამიანებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ, უნდა დაისაჯონ. ომბუდსმენის თქმით, შსს-მ გამოძიება ძალადობის ორგანიზების მუხლითაც უნდა დაიწყოს, რადგან შესაბამისი მოწოდებები აქციის ორგანიზატორებისგან ღიად ისმოდა.

თუმცა, როგორც ბურჯანაძე ყვება, ბრეგაძე ირწმუნებოდა, რომ ოფისში მშობელთან ერთად მივიდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ“ მისი არასრულწლოვანი შვილი მოტყუებით გადაიღეს. ომბუდსმენის მოადგილის თქმით, ასეთ დესტრუქციულ რეჟიმში შეხვედრა ვერ გაიმართებოდა.

“ქართულ მარშში“ ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მათი მოთხოვნაა, ნინო ლომჯარიამ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აქციას გამართავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი