ახალი ამბები

გამოძიება ძალადობის ორგანიზების მუხლით უნდა დაიწყოს – ომბუდსმენი

8 ნოემბერი, 2019 • 1419
გამოძიება ძალადობის ორგანიზების მუხლით უნდა დაიწყოს – ომბუდსმენი

სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიაჩნია, რომ დღეს, 8 ნოემბერს გამართული პროტესტი მშვიდობიან ფორმას გასცდა, შესაბამისად, პირები, რომლებიც ადამიანებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ, უნდა დაისაჯონ. ომბუდსმენის თქმით, შსს-მ გამოძიება ძალადობის ორგანიზების მუხლითაც უნდა დაიწყოს, რადგან შესაბამისი მოწოდებები აქციის ორგანიზატორებისგან ღიად ისმოდა.

“რაც ვნახეთ კინოთეატრ “ამირანის” წინ, ეს პროტესტის მშვიდობიანი გამოხატულება არ იყო. მეტიც, ეს სცდებოდა შეკრებისა და გამოხატვის უფლებით დაცული სფეროს ფარგლებს. ჩვენ იქ ვნახეთ ძალადობა და ანი [სუბელიანი] არის სწორედ ამ ძალადობის შედეგად დაზარალებული პირი. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ არა მარტო ის ინდივიდუალური პირები უნდა იქნენ პასუხისგებაში მიცემული, რომლებიც იქ ძალადობდნენ, არამედ, ვფიქრობ, ადგილი ჰქონდა ძალადობის ორგანიზებას. შესაბამისად, გამოძიება ძალადობის ორგანიზების მუხლით აუცილებლად უნდა დაიწყოს. ვინაიდან ამ ძალადობას, ჩემი აზრით, ორგანიზატორი ჰყავდა. ასევე ადგილი ჰქონდა ძალადობისკენ მოწოდებებს, როდესაც ითქვა, რომ უნდა დაიძრას ეს ხალხი და დაუპირისპირდეს პოლიციას”,-აცხადებს ნინო ლომჯარია. ის ასევე ფიქრობს, რომ სუბელიანზე თავდასხმას დისკრიმინაციული მოტივი ჰქონდა.

სამოქალაქო აქტივისტის, ანა სუბელიანის განცხადებით, ნაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლები მას მიზანმიმართულად დაესხნენ თავს, იცნეს და თავში მძიმე საგანი მოარტყეს: “შემთხვევით ვარ გადარჩენილი, რომ თვალი არ დავკარგე”, – თქვა მან.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი