ახალი ამბები

ვადიანი შრომითი ხელშეკრულების უფლება უნდა გვქონდეს – თიბისი

12 ნოემბერი, 2019 • 1994
ვადიანი შრომითი ხელშეკრულების უფლება უნდა გვქონდეს – თიბისი

თიბისი ბანკის იურისტის, ანა ნიკოლაიშვილის თქმით, შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით მათი ერთ-ერთი მთავარი შენიშვნა ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების საფუძვლების შეზღუდვას უკავშირდება. მისივე თქმით, თიბისი ბანკის და სხვა კერძო კომპანიების შემთხვევაში ვადიანი ხელშეკრულებები ძალიან მნიშვნელოვანია.

დღეს, 12 ნოემბერს, საქართველოს ბიზნესასოციაციამ წევრ კომპანიებთან შეხვედრა გამართა, სადაც შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრეს. ასოციაციის შენიშვნები ეხება შემდეგ საკითხებს: ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადების საფუძვლის შეზღუდვას, სტაჟირების დაქვემდებარებას შრომის კოდექსით განსაზღვრული სტანდარტებისადმი, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ლიმიტირებას და სხვა საკითხებს.

“მნიშვნელოვანია, რომ ობიექტური გარემოების გათვალისწინებით მიეცეს დამსაქმებელს შესაძლებლობა, ვადიანი ხელშეკრულება გააფორმოს. ვფიქრობთ, რომ შრომის კოდექსი მხარეთა ორმხრივი ნების ავტონომიის პრინციპს მაქსიმალურად უნდა ერგებოდეს. ვფიქრობთ, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად მივიღებთ ისეთ შრომის კოდექსს, რასაც მოვარგებთ ბიზნესს და დავიცავთ დასაქმებულის უფლებრივ მდგომარეობას. შესაძლოა სამომავლოდ არ გვქონდეს შესაძლებლობა, ვადიანი ხელშეკრულება დავდოთ გარკვეული ობიექტური პირობების არსებობის შემთხვევაში, ამან საბოლოოდ შეიძლება შეაფერხოს პირთა დასქმების პროცესი”, – ამბობს ნიკოლაიშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობით მომზადებული კანონპროექტით მკაცრდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების აუცილებელი პირობები. დღეს მოქმედი კანონმდებლობით დამსაქმებელს დასაქმებულისთვის ვადიანი შრომით ხელშეკრულების დადება რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში შეუძლია. თუ:

    • შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო;
    • შესასრულებელია სეზონური სამუშაო;
    • სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება
    • ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება;
    • არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას.

ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას, კანონიდან უქმდება.

ამავე თემაზე

ზეპირი ფორმით შრომითი ხელშეკრულების დადება შეიძლება აიკრძალოს

მასალების გადაბეჭდვის წესი