ახალი ამბები

პროკურატურა: ვაზაგაშვილის საქმეზე შსს-ს მაღალჩინოსანს დნმ-ის ანაბეჭდები აუღეს

27 აპრილი, 2015 • • 1541
პროკურატურა: ვაზაგაშვილის საქმეზე შსს-ს მაღალჩინოსანს დნმ-ის ანაბეჭდები აუღეს

პროკურატურა აცხადებს, რომ უწყებამ გაითვალისწინა როინ ასანიძის სურვილი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მიუხედავად ასანიძის მიმართ გამოთქმული ბრალდებების აბსურდულობისა, 2015 წლის 25 აპრილს ბრალდებულ გია სოსანაშვილის ადვოკატისა და დაზარალებული მხარის წარმომადგენლის თანდასწრებით რ. ასანიძისგან აიღო დნმ-ის ნიმუშები და საექსპერტო კვლევისათვის გადაეგზავნა ექსპერტიზის ბიუროს, რათა საქმეზე ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.

 

პროკურატურა აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასრულებისთანავე გაასაჯაროებს მიღებულ შედეგებს.

 

ბრალდებულ სოსანაშვილის ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ 22 აპრილს განაცხადა, რომ მკვლელობის ადგილას აღმოჩენილი მეორე დნმ-ს კვალი შსს-ს გენერალური ინსპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროს როინ ასანიძეს ეკუთვნის.

 

ამავე დღეს ადვოკატმა განაცხდა, რომ გია სოსანაშვილის თქმით, შსს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის უფროსმა რიონ ასანიძემ ყოველგვარი საგამოძიებო მოქმედებების უგულებელყოფით საკუთარ კაბინეტში გია სოსანაშვილს DNM-ის ანაბეჭდები აუღო.

 

პროკურატურის განცხადებით, ჩატარებული ექსპერტიზით, ჯერ კიდევ 2015 წლის 24 იანვარს ხელყუმბარის ამფეთქი ფალიის სახელურზე აღმოჩენილია კვლევისათვის ვარგისი ორი პირის დნმ-პროფილი. ხსენებულ დნმ-პროფილებს გ.სოსანაშვილის დაკავებამდე გამოძიების ფარგლებში შეადარეს 46 მოქალაქის დნმ-ი, რომელთაგან არც ერთი არ აღმოჩნდა იდენტური.

 

გამოძიების ცნობით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებითა და სატელეფონო ანძების ანალიზით, დადგინდა, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის წინა დღეებში გიორგი სოსანაშვილი იმყოფებოდა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში მდებარე სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციის თანამშრომელ გია სოსანაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 თებერვალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

იური ვაზაგაშვილი 2015 წლის 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში სწორედ მისი შვილის საფლავზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.

 

პროკურატურამ 2 თებერვალს გახსნილად გამოაცხადა ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე და სსკ 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიბელ გარემოებაში) ბრალი წარუდგინა 11 პირს, შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს და მოქმედ თანამშრომლებს. მათ შორისაა კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის მოადგილე ირაკლი ფირცხალავა.

 

2015 წლის 8 თებერვალს კი პროკურატურამ განაცხადა იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულის დაკავების თაობაზე. მოქმედ პოლიციელ გია სოსანაშვილს ბრალი სსკ 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმელ გარემოებაში) და 236-ე მუხლებით (საბრძოლო მასალის მართლსაწინაღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა. პროკურატურის ცნობით, გამოძიების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილი ე.წ. „ფალიის სახელური“, რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით აღმოჩენილი იქნა სოსანაშვილის დნმ-ის კვალი. თავად სოსანაშვილი ბრალს არ აღიარებს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში სოსანაშვილს 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მთავარი პროკურატურა
მთავარი პროკურატურა

მასალების გადაბეჭდვის წესი