ახალი ამბები

სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით პირს ბრალი წაუყენეს

10 ნოემბერი, 2019 • 1857
სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით პირს ბრალი წაუყენეს

სამოქალაქო აქტივისტის, ანა სუბელიანისთვის ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წაუყენა. სუბელიანი 8 ნოემბერს კინოთეატრ “ამირანთან“ თვალთან ახლოს ბლაგვი საგნით დაჭრეს.

პროკურატურის ინფორმაციით, პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც ჯანმრთელობს განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

უწყების თქმითვე, აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით მათ სასამართლოს უკვე მიმართეს. სხდომა ხვალ, 11 ნოემბერს 12 საათზე გაიმართება.

8 ნოემბრის ინციდენტის შემდეგ, სუბელიანის თქმით, მას 7 ნაკერი დაადეს. ჟურნალისტებთან საუბარში სუბელიანი ამბობდა, რომ მას თვალთან მოხვდა გამეტებით ნასროლი მძიმე საგანი, რომელიც მიზანმიმართულად იყო ნასროლი. მანამდე კი, როგორც აქტივისტი იხსენებს, მას ჰომოფობური აქციის სხვა მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.


8 ნოემბერს ფილმ “და ჩვენ ვიცეკვებთ” პრემიერასთან დაკავშირებით თბილისში სხვადასხვა ადგილას და ბათუმში აქციები გაიმართა. ყველაზე დაძაბული ვითარება კინოთეატრ “ამირანთან” იყო, სადაც ჰომოფობიური, ულტრანაციონალისტური ჯგუფების წევრებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. მათ სურდათ ფილმის ჩვენების ჩაშლა.

8 ნოემბერს გამართული აქციების დროს 10-ზე მეტ ადამიანს გაეწია სამედიცინო დახმარება, აქედან ერთს – სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა. ოფიციალური მონაცემებით, თბილისსა და ბათუმში, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობსი და ხულიგნობის მუხლებით სულ დაკავებულია 27 პირი, მათ შორის 24 – თბილისში, 3 – ბათუმში. ლევან ვასაძე აქციებსა და სეანსების ჩაშლის მცდელობებს დღესაც აანონსებს.

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

მიზანმიმართული თავდასხმა იყო – ანა სუბელიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი