ახალი ამბები

13 ადამიანს გაეწია სამედიცინო დახმარება – სასწრაფო

8 ნოემბერი, 2019 • 957
13 ადამიანს გაეწია სამედიცინო დახმარება – სასწრაფო

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ დღეს, 8 ნოემბერს გამართული აქციების დროს სულ 13 ადამიანს გაეწია სამედიცინო დახმარება.

თუმცა აქედან მხოლოდ ერთს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა და ეს ადამიანი სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანია.

როგორც სასწრაფო სამედიცინო ცენტრში გვითხრეს, მომართვების უმეტესობა სხვადასხვა ჩივილებს უკავშირდებოდა, როგორებიცაა არტერიული წნევა, ტაქიკარდია და სხვა.

სამოქალაქო აქტივისტი, ანა სუბელიანი, რომელიც დღეს კინოთეატრ „ამირანთან“ დაშავდა, ამბობს, რომ მას ღრმა ჭრილობა აქვს და ექიმებმა 7 ნაკერი დაადეს. მისივე თქმით, ნაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლები მას მიზანმიმართულად დაესხნენ თავს, იცნეს და თავში მძიმე საგანი მოარტყეს.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

დღეს, 8 ნოემბერს ფილმ “და ჩვენ ვიცეკვებთ” პრემიერასთან დაკავშირებით თბილისში სხვადასხვა ადგილას აქციები გაიმართა. ყველაზე დაძაბული ვითარება კინოთეატრ “ამირანთან” იყო, სადაც ჰომოფობიური დაჯგუფების წევრებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. მათი განცხადებით, სურთ ფილმის ჩვენების ჩაშლა.

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი