არის ღრმა ჭრილობა, დამადეს 7 ნაკერი – ანა სუბელიანი

სამოქალაქო აქტივისტი, ანა სუბელიანი, რომელიც დღეს კინოთეატრ „ამირანთან“ დაშავდა, ამბობს, რომ მას ღრმა ჭრილობა აქვს და ექიმებმა 7 ნაკერი დაადეს.

ჟურნალისტებთან საუბარში სუბელიანი ამბობს, რომ მას თვალთან მოხვდა გამეტებით ნასროლი მძიმე საგანი.

“ჩემი აღქმით ეს იყო მოზრდილი ქვა, თუმცა ახლახან მითხრეს, რომ მგონი, ტელეფონი იყოო – არ ვიცი, რამდენად დაზუსტებულია ეს ინფორმაცია. არ დამინახავს ადამიანი, ვინც მესროლა. უცბად ვიგრძენი დიდი ტკივილი და დიდი ოდენობით სისხლი წამომივიდა“, – იხსენებს სუბელიანი.

მისი თქმით, ჭრილობა ღრმაა და ექიმებმა 7  ნაკერი დაადეს, თუმცა, სხვა მხრივ, კვლევებმა დაადასტურეს, რომ სხვა სერიოზული დაზიანება არ აქვს.

სუბელიანი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ “ამირანთან“ პოლიციის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და აგინებდენ, თუმცა სამართალდამცველებს ამაზე რეაქცია არ  ჰქონიათ. სამოქალაქო აქტივისტი მოითხოვს, რომ მის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ბრალდებულმა პასუხი სამართლებრივად აგოს, გარდა ამისა:

“მოვთხოვ პასუხს შსს-ს, რომელმაც მე, უდანაშაულო მოქალაქე არ დამიცვა,“.

სუბელიანზე თავდასხმის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი უკვე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

მიზანმიმართული თავდასხმა იყო – ანა სუბელიანი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან