ახალი ამბები

ოვაციები დარბაზში – რას ყვებიან მაყურებლები ლევან აკინის ფილმზე

8 ნოემბერი, 2019 • 6675
ოვაციები დარბაზში – რას ყვებიან მაყურებლები ლევან აკინის ფილმზე

ფილმის “ და ჩვენ ვიცეკვეთ“ პირველი ჩვენება საქართველოში უკვე დამთავრდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ სეანსს “ამირანში“ ულტრანაციონალისტებისა და ჰომოფობური ჯგუფების აქცია უძღოდა წინ, ნეტგაზეთთან მაყურბლები ყვებიან, რომ ჩვენებით მაინც ისიამოვნეს.

ორივე მაყურებელი, რომელსაც ნეტგაზეთი ესაუბრა, ამბობს, რომ შესვლა და გამოსვლა მხოლოდ პოლიციის კორდონით იყო შესაძლებელი. მათივე ინფორმაციით, ფილმის დაწყებამდე და სეანსის განმავლობაში უსაფრთხოების ყველა ზომა იყო დაცული, ჩვენების დასრულების შემდეგ კი პოლიციამ ისინი უსაფრთხო ადგილამდე მიიყვანა.

“ფილმი რომ დასრულდა, ხალხი მას ოვაციებით შეხვდა, იმიტომ, რომ ფილმი მართლაც ქართულ რეალობაზეა აგებული.

მასში ძალიან ბევრი ლამაზი და მართლაც რეალური ელემენტია და როდესაც მათ მაყურებელი ცნობდა, დადებითი ემოციებით – სიცილითა და ტაშით ხვდებოდა“, – ამბობს ნინო ბენიძე, ერთ-ერთი მაყურებელი ნეტგაზეთთან და ამატებს, რომ სეანსის მიმდინარეობის დროსაც პოლიცია აქტიურად აკვირდებოდა სიტუაციასა და მაყურებლებს.

“ფილმი თავის დროზე დაიწყო. მართალია, ხალხი თავიდან ცოტა იყო, რადგან ვერ მოახერხა ყველამ შემოსვლა, თუმცა დროდადრო დაცვას შემოჰყავდა მაყურებლები და საბოლოოდ დარბაზი თითქმის შეივსო.

ფილმი იყო არაჩვეულებრივი. ამას ადასტურებს ხალხის რეაქციაც. დაწყებისთანავე ხალხი ტაშს უკრავდა. ასევე იყო რამდენიმე სცენა, სადაც მაყურებლები ვერ იკავებდნენ ემოციებს და ტაშს უკრავდნენ. ფილმი იყო ძალიან ლამაზი და ემოციური“, – გვიყვება კიდევ ერთი მაყურებელი, თამარ ძინძიბაძე.

მისივე თქმით, ფილმი არა მხოლოდ ქვიარ თემატიკას, არამედ ქართულ ყოველდღიურ ცხოვრებასაც ასახავს და მასში “არანაირი პორნოგრაფია არ ყოფილა“.


“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

ფილმს საქართველოში მხოლოდ რამდენიმე დღით – 8,9 და 10 ნოემბერს აჩვენებენ. პირველ ჩვენების დაწყებამდე, ულტრანაციონალისიტური და ჰომოფობური ჯგუფების მხირდან არაერთხელ გაჟღერდა მუქარა, რომ ისინი სეანსებს ჩაშლიდნენ. შსს კი ამბობდა, რომ ყველა კანონიერ ზომას მიიღებდა.

8 ნოემბერს “ამირანთან“ პირველ ჩვენებას დაპირისპირება მოჰყვა პოლიციასა და ჰომოფობური ჯგუფების წევრებს შორის, რომლებიც კინოთეატრის წინ იყვნენ შეკრებილნი. ისინი მოითხოვნენ, რომ ფილმის ჩვენება ჩაშლილიყო. დაპირისპირების შედეგად 20-მდე ადამიანია დაკავებული, არიან დაშავებულებიც, მათ შორის, საქამოქალაქო აქტივისტი – ანა სუბელიანიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი