ახალი ამბები

“გალერია თბილისში” ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება დაიწყო

8 ნოემბერი, 2019 • 1474
“გალერია თბილისში” ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება დაიწყო

“გალერია თბილისში” მდებარე კინოდარბაზში ფილმის ჩვენება რამდენიმე წუთის დაგვიანებით, თუმცა მაინც დაიწყო. შენობაში და მის გარეთ მობილიზებულია პოლიცია. შენობაში იმყოფება გურამ ფალავანდიშვილი, თუმცა იმ სართულზე მოხვედრა, სადაც სეანსი მიმდინარეობს, ფალავანდიშვილმა ვერ მოახერხა.

კინოთეატრ “ამირანთან”, სადაც ლევან აკინის ფილმის ჩვენება მიმდინარეობს, უკვე რამდენიმე საათია დაძაბულობაა. აქციები იმართება “კავეას” სხვა კინოდარბაზებთან თბილისსა და ბათუმში.

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

ფილმის პირველი ჩვენება 8 ნოემბერს უნდა შედგეს. ამ დროისთვის თბილისში მდებარე კინოთეატრებში ფილმზე დასასწრები სამივე დღის ბილეთები სრულად გაყიდულია.

ულტრანაციონალისტურმა დაჯგუფებებმა პრემიერამდე განაცხადეს, რომ ისინი არ დაუშვებენ ფილმის ჩვენებას საქართველოში. ფილმის საწინააღმდეგო განცხადება გაავრცელა მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი