ახალი ამბები

აქციის მონაწილეები კინოთეატრ “ამირანში” შესვლას ცდილობენ

8 ნოემბერი, 2019 • 1284
აქციის მონაწილეები კინოთეატრ “ამირანში” შესვლას ცდილობენ

ულტრანაციონალისტური დაჯგუფებები კინოთეატრ “ამირანთან” შეიკრიბნენ და შენობაში შეღწევას ცდილობენ, თუმცა  დილიდან “ამირანთან” მობილიზებული პოლიციელები მათ შენობაში შეღწევის საშუალებას არ აძლევენ. ფილმზე – “და ჩვენ ვიცეკვეთ” – დამსწრე მაყურებელთა ნაწილი უკვე შესულია შენობაში.

ამ წუთებში პოლიცია ცდილობს შეაკავოს ულტრანაციონალისტური ძალები, რომელთაც კინოთეატრის წინ კოსტავას ქუჩა აქვთ დაკავებული.

“ნეტგაზეთის” კორესპოდენტის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა გაურკვეველი ტიპის კაფსულები ისროლეს.

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

ფილმის პირველი ჩვენება 8 ნოემბერს უნდა შედგეს. ამ დროისთვის თბილისში მდებარე კინოთეატრებში ფილმზე დასასწრები სამივე დღის ბილეთები სრულად გაყიდულია.

ულტრანაციონალისტურმა დაჯგუფებებმა პრემიერამდე განაცხადეს, რომ ისინი არ დაუშვებენ ფილმის ჩვენებას საქართველოში. ფილმის საწინააღმდეგო განცხადება გაავრცელა მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი