ახალი ამბები

საპატრიარქო ამით თავისი პოზიციების გამყარებას ცდილობს – აღდგომელაშვილი ფილმისადმი პროტესტზე

8 ნოემბერი, 2019 • 1270
საპატრიარქო ამით თავისი პოზიციების გამყარებას ცდილობს – აღდგომელაშვილი ფილმისადმი პროტესტზე

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” (WISG) წარმომადგენელი, უფლებადამცველი ეკა აღდგომელაშვილი მიიჩნევს, რომ ისეთი პრობლემის დასაძლევად, როგორიცაა ჰომოფობია, აუცილებელია სახელმწიფოს ჰქონდეს ერთიანი, საგანმანათლებლო და პრევენციული ხედვა.

აღდგომელაშვილის მოსაზრებით, დღეს სახელმწიფოს არ აქვს ერთიანი გეგმა, ჰომოფობიისა თუ სხვა სახის ფობიებთან ბრძოლის წინააღმდეგ, ის გამოწვევას მხოლოდ ფრაგმენტულად უყურებს და “მხოლოდ რეაქციულ რეჟიმში იმყოფება“.

“რაც შეეხება დღევანდელ მოვლენასა და კინოჩვენებას – პესიმისტური პროგნოზი მაქვს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო გაძლიერდება  და კიდევ უფრო ხშირი იქნება ასეთი ტიპის აქციები თუ გამოხმაურებები.

ჩვენი გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, დავინახავთ, რომ სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში ძლიერდება სიძულვილის ენა და ცალკეული ჯგუფები, რომლებიც ამით ქულებს იწერენ. მით უმეტეს, ახლა ამ მოვლენების განხილვა საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებთან კავშირის გარეშე ძალიან ძნელია…

საპატრიარქო ახლა ერთგვარი თავდაცვის პოზიციაში იმყოფება, ისინი გრძნობენ აუცილებლობას, რომ მიმდინარე მოვლენებს უპასუხონ და ამით თავიანთი პოზიციები უფრო გაამყარონ,“ – ამბობს აღდგომელაშვილი.

აღდგომელაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ხშირად, ესა თუ ის ძალები “ლგბტ თემის სამოქალაქო დაპირსიპრების კონტექსტში იყენებენ, პოლიტიკური სპეკულაციებისთვის“. ამას კი წინ უსწრებს დიდ საზოგადოებრივ ინსტიტუციებში, როგორიცაა საპატრიარქო, ძალაუფლების გადანაწილების პრობლემა.

“როგორც კი ჩნდებდა ძალაუფლების გადანაწილების პრობლემა დიდ ინსტიტუციებში, საზოგადოებაში მაშინვე ხდება ყველაზე ძლიერი ფობიების გაღვივება,“ – განმარტავს აღდგომელაშვილი.

მისი თქმით, ის, რომ კინოთეტრების წარმომადგენლებსა და მაყურებლებს საგანგებო ღონისძიებების გამოყენება უწევთ, მათ შორის, “და ჩვენ ვიცეკვემდე“ სხვა ფილმების სეანსების გაუქმება და უსაფრთხოების გაძლიერება – არაჯანსაღია.

“ერთის მხრივ, ასე უნდა იყოს – ყველას უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს სიტუაცია იმაზეც მიგვანიშნებს, რომ პრობლემას ხელისუფლება ფართოდ არ უყურებს და არ ატარებს საგანმანათლებლო/პრევენციულ ზომებს,“ – ამბობს აღდგომელაშვილი და ამატებს, რომ პრევენციულ გეგმასთან ერთად, ასევე აუცილებელია მთავრობის წარმომადგენელთა მხრიდან ღიად იმის დაფიქსირებაც, რომ მათთვის ყველა ადამიანის უფლება თანაბრად მნიშვნელოვანია.

“იმიტომ, რომ ნებისმიერის ტიპის ფობია, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული და რომელის აღმოფხრისკენაც არ არის მიმართული ძალისხმება – ეს ყოველთვის არის და იქნება საშუალება დაინტერესებული პირებისთვის (მათ შორის, ქვეყნის გარეთ) სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიონ საზოგადოებაში,“ – ამბობს ეკა აღდგომელაშვილი.

დღეს, 8 ნოემბერს, საქართველოში ლევან აკინის ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება გაიმართება. ფილმს, რომელიც ქვიარ თემატიკაზეა შექმნილი, მაყურებელი მხოლოდ სამი დღის განმავლობაში ნახავს. ამ დროისთვის თბილისში მდებარე კინოთეატრებში ფილმზე დასასწრები სამივე დღის ბილეთები სრულად გაყიდულია.

ფილმის ჩვენებას გამოეხმაურნენ ასევე ულტრა ნაციონალისტური და ჰომოფობური ჯგუფები, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენებას ჩაშლიან. შსს-ში კი ამბობენ, რომ იმოქმედებენ კანონის შესაბამისად.

Cavea მაყურებლებს მოუწოდებს, ფილმის სანახავად დაგეგმილზე ადრე მივიდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი