ახალი ამბები

Cavea მაყურებლებს მოუწოდებს, ფილმის სანახავად დაგეგმილზე ადრე მივიდნენ

8 ნოემბერი, 2019 • 1125
Cavea მაყურებლებს მოუწოდებს, ფილმის სანახავად დაგეგმილზე ადრე მივიდნენ

კინოთეატრების ქსელი “კავეა” მოუწოდებს მაყურებლებს, რომლებმაც ქართულ-შვედური ფილმის”და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებაზე დასასწრები ბილეთები იყიდეს, კინოთეატრში დაგეგმილზე ადრე მივიდნენ.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, იმისათვის, რომ ჩვენებამ ექსცესების გარეშე ჩაიაროს, მაქსიმალურად თანამშრომლობენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან:

“კინოთეატრების უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომ დაგეგმილმა ჩვენებებმა ექსცესების გარეშე ჩაიაროს. ცხადია, მაქსიმალურად ვზრუნავთ ჩვენი მაყურებლის უსაფრთხოებაზე და კომფორტზე. სწორედ ამიტომ, ვთხოვთ მათ, ვინც შეიძინა “და ჩვენ ვიცეკვეთ” ბილეთები, ფილმის სანახავად მოვიდნენ დაგეგმილზე ადრე, რომ მათი უსაფრთხოება და დარბაზში კუთვნილ ადგილებზე განთავსება უზრუნველვყოთ შეუფერხებლად”, – აცხადებენ კავეაში.

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

ფილმის პირველი ჩვენება 8 ნოემბერს უნდა შედგეს. ამ დროისთვის თბილისში მდებარე კინოთეატრებში ფილმზე დასასწრები სამივე დღის ბილეთები სრულად გაყიდულია.

ფილმის ჩაშლის მუქარა თავდაპირველად ულტრანაციონალისტურმა დაჯგუფება “ქართულმა მარშმა” გაავრცელა. შსს-ში აცხადებენ, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი