ახალი ამბები

რატომ არის უკმაყოფილო პარლამენტი მინისტრ ლევან ყიფიანის მუშაობით

23 აპრილი, 2015 • • 1646
რატომ არის უკმაყოფილო პარლამენტი მინისტრ ლევან ყიფიანის მუშაობით

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უკმაყოფილება სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა მინისტრ ლევან ყოფიანის მიმართ დღეს, 23 აპრილსაც, გამოითქვა. პრეტენზიები სპორტსმენების ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობის საკითხს შეეხებოდა.

 

კომიტეტის წევრების ნაწილი მოითხოვს, რომ აღდგეს სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი. პარლამენტარები, ვისაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, სპორტსმენების ჯანმრთელობა მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იყოს. მათი თქმით, სისტემა გაუმართავია, ხოლო პრობლემების თავი სამინისტრომდე, უფრო ზუსტად მინისტრამდე მიდის.

 

კომიტეტმა 2015 წლის 25 მარტს დახურულ სხდომაზე სამინისტროს 2014 წელს განხორციელებულ საქმიანობათა ანგარიში მოისმინა, თუმცა დაიწუნა. უარყოფით დასკვნას კომიტეტის 18 წევრიდან 11 აწერს ხელს. ლუკა კურტანიძე ერთ-ერთია იმ პარლამენტარებს შორის, რომელიც ლევან ყიფიანის მუშაობით უკმაყოფილოა.

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წევრი ლუკა კურტანიძე ამბობს, რომ სპორტული მედიცინის გარდა, სპორტის სფეროში ძალიან ბევრი პრობლემაა, ხოლო სამინისტრო ინიციატივით არ გამოდის ამ პრობლემების გადასაწყვეტად.

 

“განათლების კუთხით არც ერთი ნაბიჯი არ არის ინიცირებული. ინიციატივა არ არის, რომ სკოლებში ფიზკულტურა აღდგეს, სპორტული ღონისძიებები არ არის იმ დოზით, როგორიც უნდა იყოს. გასხვისებული ბაზები, გასხვისებული ობიექტები… ერთი ინციატივაც არ ყოფილა, კითხვა არ ყოფილა, რომ ძველ მეპატრონეს დაბრუნებოდა ეს ობიექტები. უამრავი პრობლემა არის, როგორც თბილისში, ისე საქართველოს მასშტაბით,” – ამბობს ლუკა კურტანიძე.

 

პარლამენტარის თქმით, სამინისტროს სჭირდება უკეთესი მენეჯერი, რომელიც სიახლეებითა და ინიციატივებით გამოაცოცხლებს სპორტს.

 

“მარტო რამდენიმე პროფესიონალი სპორტსმენის წინაშე პოზირება, რომ მედლები გააკეთა და ეს მისი შედეგია, ეს არ არის სპორტის სამინისტროს პრეროგატივა. მზადყოფნა არის დღევანდელი ხელისუფლების, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან და ინიციატივები არ მოდის სპორტის სამინისტროდან. ეს არის დანაშაული”, – ამბობს კურტანიძე.

კითხვაზე, შეცვლის თუ არა მინისტრის გადადგომა ვითარებას, პასუხობს, რომ მინისტრი ვერტიკალის ხელმძღვანელია და მასზე არის დამოკიდებული სამინისტროს საქმიანობა:

 

“ვერტიკალის ხელმძღვანელი არის მინისტრი. მისი ნება უნდა იყოს, მისი სურვილი უნდა იყოს, მისი ინიციატივები უნდა იყოს. იმით, რომ არაფერი არ გავაკეთო, რომ არაფერი არ გავაფუჭო, ეს არ არის მინისტრის ადგილი. ტყუილად იკავებს იმ ადგილს, რომელსაც იკავებს. ვისაც ექნება მეტი ინიციატივები, მეტი მიზნები,  მეტი კარგი მენეჯერი იქნება და წარმატებულს გახდის ამ სფეროს, ჩვენ ისეთ კანდიდატურას დავუჭერთ მხარს.”

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე დემოკრატიის ნაწილად მიიჩნევს განსხვავებულ მოსაზრებებს მინისტრის საქმიანობის შესახებ, თუმცა იმედი აქვს, რომ კონსენსუსის გზით გადაწყდება ყველა საკითხი.

 

სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლერი ხაბელოვის ნათქვამს, რომ სპორტის სფეროში მძიმე მემკვიდრეობა დახვდათ, რატი ბრეგაძე პასუხობს, რომ ეს მძიმე მემკვიდრეობა ყველას თანაბრად ერგო და სამინისტრო პრობლემების მოსაგვარებლად მუშაობს.

 

“ზოგადად, ეს დემოკრატიული პროცესია და, ბუნებრივია, დემოკრატია გულისხმობს განსხვავებული აზრის არსებობას, მაგრამ, ამავდროულად, ყველას მინდა, რომ შევახსენო, იმისთვის, რომ დემოკრატია ანარქიაში არ გადაიზარდოს, აუცილებელია კონსენსუსის მიღწევა და ერთ აზრზე შეჯერება. ჩვენ ჩვენი მხრივ ეს ნაბიჯი არაეთხელ გადავდგით და იმედი გვაქვს, რომ ერთი გუნდის შიგნით ეს ყველაფერი დადებითად გადაწყდება”, – ამბობს რატი ბრეგაძე.

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი მინისტრის მუშაობით უკმაყოფილო იმიტომ არის, რომ არაფერი კეთდება იმისთვის, რომ მასწავლებლებისა და მწვრთნელების მცირე რაოდენობა გაიზარდოს.

ხაბარელის თქმით, ხარვეზებია საგანმანათლებლო სისტემაში, არ მიმდინარეობს სპეციალისტების გადამზადება და ტრენინგები.

 

ხაბარელი ამბობს, რომ კომისიამ თავისი უარყოფითი დასკვნა დადო და წინადადებით პრემიერ-მინისტრს მიმართა. რა წერია ამ ტექსტში, ხაბარელის თქმით, მოგვიანებით გაირკვევა. ამ დრომდე ეს ტექსტი არ გასაჯაროებულა. გადააყენებს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი ლევან ყიფიანს, ეს მისი პრეროგატივაა, – ამბობს ხაბარელი.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ლევან ყიფიანი რომ დაითხოვოს, ეს იქნება მეექვსე მინისტრი, რომლის შემცვლელის დანიშვნა საკუთარი სურვილით, პარლამენტის თანხმობის გარეშე შეეძლება. ღარიბაშვილმა 5 მინისტრი (ირაკლი ალასანია, მაია ფანჯიკიძე, ალექსი პეტრიაშვილი, ალექსანდრე ჭიკაიძე და დავით შავლიაშვილი) უკვე გაათავისუფლა.

 

ლევან ყიფიანის გადაყენების შემთხვევაში ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნება, რომ პრეზიდენტისა და პარლამენტის გვერდის ავლით ახალი მინისტრი დანიშნოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი