ახალი ამბები

მღვდელი გიორგი სხილაძის მიმართ მუქარის შესახებ გამოძიება დაიწყო

7 ნოემბერი, 2019 • 1867
მღვდელი გიორგი სხილაძის მიმართ მუქარის შესახებ გამოძიება დაიწყო

„ნეტგაზეთს“ პროკურატურიდან აცნობეს, რომ მართლმადიდებელი მღვდელ გიორგი სხილაძის განცხადების შემდეგ მის მიმართ მუქარის შესახებ გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო.

მღვდელმა გიორგი სხილაძემ, რომელმაც მიტროპოლიტი ზოსიმე 1980-იან წლებში სტუდენტის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, 6 ნოემბერს განაცხადა, რომ ემუქრებიან და პროკურატურას საჯაროდ მიმართა, გამოძიება დაეწყოთ.

პროკურატურამ მოგვწერა, რომ „სასულიერო პირის მიმართ გამოთქმული მუქარის ფაქტზე შემდგომი რეაგირების მიზნით მასალა გადაეგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო გამოძიება“.

სხილაძემ უკვე დატოვა საქართველო, მისი თქმით, მომეტებული საფრთხის გამო და საფრანგეთში დაბრუნდა.

სხილაძემ, რომელიც 2000-იანი წლებიდან საფრანგეთში საქმიანობს, ცოტა ხნის წინ ისაუბრა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოს ზოსიმეს მიმართ ბრალდებაზე, რომელიც 1980-იანი წლების ბოლოს სასულიერო აკადემიის სტუდენტს ეკუთვნის. სტუდენტის თქმით, ზოსიმემ, რომელიც მაშინ სასულირო სასწავლებლის რექტორი იყო, სექსუალურად შევიწროება სცადა. თავად მიტროპოლიტი ბრალდებებს უარყოფს და ცილისწამებას უწოდებს.

მღვდელ გიორგი სხილაძის თქმით, საფრთხის გამო საქართველო დატოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი