ახალი ამბები

ჩვენი ოფისი, რომელიც „ქოლ-ცენტრის“ გვერდით იყო, შეცდომით დალუქეს – „აპოლო 11“

23 მარტი, 2022 • 1544
ჩვენი ოფისი, რომელიც „ქოლ-ცენტრის“ გვერდით იყო, შეცდომით დალუქეს – „აპოლო 11“

ვებდეველოპერული კომპანია „აპოლო 11“ აცხადებს, რომ ფინანსურმა პოლიციამ მათ ოფისი შეცდომით დალუქა და დააყადაღა კომპანიის თანამშრომლების ანგარიშები და ქონება.

მოქალაქე ზურაბ სეხნიაშვილი, რომელიც ვებდეველოპერული კომპანია „აპოლოს“ ტექნიკური დირექტორია, ფეისბუკზე წერს, რომ 21 მარტს კომპანია აპოლო 11-ის ოფისში ფინანსურმა პოლიციამ [ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა] სასამართლოს განჩინებით:

  • ჩაატარა ჩხრეკა ოფისში;
  • დალუქა ყველა კომპიუტერი;
  • ამოიღეს გარკვეული დოკუმენტები;
  • თანამშრომლებს დაუყადაღეს ანგარიშები და უძრავი ქონება.

სეხნიაშვილის თქმით, Apollo 11 არის კომპანია, რომელიც ბოლო 5 წელია, მთლიანად ევროპის ბაზარზე მუშაობს.

იგი საგამოძიებო სამსახურის ამ ქმედებების სავარაუდო მიზეზად ასახელებს იმ ფაქტს, რომ იმავე შენობაში, სადაც საოფისე ფართო იჯარით აქვთ აღებული, ასევე იჯარით ჰქონდა აღებული ფართი „ქოლ ცენტრს“, რომელიც, მისი ინფორმაციით, „ფინანსურ მაქინაციებში იყო ჩართული“.

„კერძოდ, ისინი რეკავდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და უცხოელ პენსიონერებს [არწმუნებდნენ], თანხა ჩაედოთ გაურკვეველ ინვესტიციაში“, – წერს სეხნიაშვილი.

ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში არაერთი პირი დააკავეს „ქოლ-ცენტრების“ საქმეზე და ამ საკითხზე გამოძიება გრძელდება.

„აპოლო 11-ის“ თანამშრომლების თანახმად, შენობაში არსებული „ქოლ-ცენტრი“ 1 თვის წინ დაიხურა, „ისინი სადღაც გაქრნენ“: „ჩვენ გავხდით ამ ყველაფრის მსხვერპლი“.

სეხნიაშვილის თანახმად, მათთვის უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს გაუგებრობა, ამ პერიოდში კი საქმიანობაში ხელი ეშლებათ და ფინანსური პრობლემები ექმნებათ.

„ეს ყველაფერი სურვილს გიკარგავს, ამ ქვეყნიდან შენთვის წყნარად აკეთო წესიერი საქმე და ამით ქვეყანასაც სარგებელი მოუტანო. ჩვენთვის დიდი ხნით გაჩერება ფაქტიურად კომპანიის და ბიზნესის გაკოტრების ტოლფასია“, – წერს იგი.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ამ საკითხთან დაკავშირებით. უწყებაში მხოლოდ ის განგვიცხადეს, რომ „საქმე წარმოებაშია“, თუმცა მეტი დეტალის შესახებ არ უსაუბრიათ, მათ შორის არც იმის შესახებ, არსებობს თუ არა „აპოლო 11-ის“ მიმართ რაიმე სახის ეჭვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი