ახალი ამბები

EUMM არ ადასტურებს, რომ წუხელ ქართულმა მხარემ კობთან ცეცხლი გახსნა

7 ნოემბერი, 2019 • 900
EUMM არ ადასტურებს, რომ წუხელ ქართულმა მხარემ კობთან ცეცხლი გახსნა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია EUMM არ ადასტურებს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გუშინ, 6 ნოემბერს კობთან ქართულმა მხარემ მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

მისიაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ტერიტორიას “24/7 რეჟიმში აკვირდებიან”. ამის გათვალისწინებით, მათ არ შეუძლიათ დაადასტურონ, რომ გუშინ ამ ტერიტორიაზე რაიმე სახის სროლები ფიქსირდებოდა.

მათივე თქმით, არ გააქტიურებულა სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზიც.

გუშინ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებდა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კობიდან, სადაც საქართველოს პოლიციის საგუშაგოა განთავსებული, მათი მიმართულებით ავტომატური იარაღიდან 10-15-ჯერ გაისროლეს. მათივე განცხადებით, ინციდენტს მსხვერპლი და „სასაზღვრო ინფრასტრუქტურის” დაზიანება არ მოჰყოლია.

ინფორმაციას არ ადასტურებენ სუს-ში. ისინი ამ განცხადებას სიცრუედ და მორიგ პროვოკაციად აფასებენ.

სუსი: დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის განცხადება, თითქოს ქართულმა მხარემ ცეცხლი გახსნა, სიცრუეა

მასალების გადაბეჭდვის წესი