ახალი ამბები

EUMM-ი ემიჯნება თანამშრომელს, რომელიც აშშ-ს ადანაშაულებს უკრაინის ომში

28 სექტემბერი, 2022 • 1188
EUMM-ი ემიჯნება თანამშრომელს, რომელიც აშშ-ს ადანაშაულებს უკრაინის ომში

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) ემიჯნება თავის თანამშრომელს, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს.

EUMM-ის ექსპერტმა „ინფორმაციისა და ცოდნის მენეჯმენტის საკითხებში“, ანტონიო კარლოს ჰერერა კარერამ „ლინკდინზე“ გააზიარა ფოტო, რომელზეც გამოსახულია ევროკავშირის დროშის ფერებში გამოწყობილი ადამიანი, რომელიც მუხლებზე დაჩოქილი კოცნის აშშ-ის დროშის ფერებში გამოწყობილი ადამიანის ფეხსაცმელს.

ფოტოს თან ერთვის წარწერა:

„რუსეთ-უკრაინის ომი – კიდევ ერთი ომი, რომელიც ორკესტრირებულია ჩვენი ტრადიციული ამერიკელი ომთშემოქმედების მიერ, რათა ევროპელი ხალხი უფრო მეტად ჩამოჰკიდონ ძვირ ამერიკულ გაზსა და ნავთობზე. რას ფიქრობთ?“

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ აღნიშნული პოსტი „არ ასახავს EUMM-ის პოზიციასა და მოსაზრებას“:

„EUMM აწარმოებს შიდა გამოიძიებას ამ შემთხვევაზე და იმოქმედებს შიდა პოლიტიკასთან შესაბამისად“.

კარერას პოსტი 28 სექტემბერს შენიშნა აქტივისტმა გიორგი თაბაგარმა და ტვიტერზე გამოაქვეყნა. სწორედ მის შეკითხვას მოჰყვა სადამკვირვებლო მისიის განმარტება:

კარერა, „ლინკდინზე“ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, EUMM-თან 2021 წლის აპრილის შემდეგ თანამშრომლობს.

მანამდე, თითქმის 5 წლის განმავლობაში, მუშაობდა კიევში, ეუთოს ოფისში, წლების წინ კი, ესპანეთის თავდაცვის სამინისტროში. ასევე იყო NATO-ს გაერთიანებული ძალების სარდლობის „ბრუნსუმის“ (JFC Brunssum) ექსპერტთა ჯგუფის წევრი.


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა, რომელიც ევროკავშირმა 2008 წლის 15 სექტემბერს, აგვისტოს ომის შემდეგ დააარსა.

მისიის მანდატად განსაზღვრულია სტაბილიზაცია, ნორმალიზაცია, ნდობის აღდგენა და ევროკავშირისათვის ანგარიშების წარდგენა, ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირების მიზნით.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ასევე ყოველწლიურად გასცემს სპეციალურ პრიზს მშვიდობის ჟურნალისტიკაში.

EUMM-ის სათავო ოფისი თბილისში მდებარეობს, ხოლო რეგიონალური ოფისები – გორში, მცხეთასა და ზუგდიდში. მათი მანდატი ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. თუმცა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები დღემდე არ აძლევენ მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე შესვლის უფლებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი