ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რას შეცვლის ევროკავშირის მისია სომხეთში

30 ოქტომბერი, 2022 • 1550
რას შეცვლის ევროკავშირის მისია სომხეთში

ავტორი: კონსტანტინ ღაზარიანი


მოლაპარაკებები პრაღაში და ევროკავშირის მისია – მნიშვნელოვანი ნაბიჯი კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციისკენ

სომხეთისთვის უკნასკნელი კვირების მთავარ მოვლენებს შორისაა პრაღის შეხვედრა და შეხვედრის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირის სადამკირვებლო მისიის სომხეთში განთავსებაზე; ასევე, სიუნიქში ირანის საკონსულოს გახსნა და დასავლეთისა და რუსეთის მექანიზმების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის განცხადება.

“თუ სომხეთს სურს ვაშინგტონის გზის არჩევა, აირჩიოს”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვალდაის ფორუმის დროს, იმის მიუხედავად, რომ არ არსებობს ცალსახა დასავლური და რუსული გზები სომხეთთან და მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით.

პრაღის მოლაპარაკებები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია: კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია

პრაღის შეხვედრა, რომელსაც ევროპული ქვეყნების ლიდერები ესწრებოდნენ, ერთი მხრივ, გახდა არაფორმალური მოლაპარაკებების პლატფორმის საფუძველი ფაშინიანს, ალიევს, ერდოღანსა და მაკრონს შორის, მეორე მხრივ კი, ევროკავშირის ეგიდით ოფიციალური მოლაპარაკებებისა ფაშინიანს, ალიევს, მაკრონსა და მიშელს შორის.

სომხეთსა და რუსეთში თავად შეხვედრა გახდა სპეკულაციების საბაბი კონსპიროლოგებისთვისა და ცალკეული პოლიტიკური ძალებისთვის. თუმცა ცალსახაა, რომ ამ მოლაპარაკებების პროცესში გამოიკვეთა ორი ძირითადი მომენტი: პირველი – სომხეთმა უპირატესობა მოიპოვა, მეორე  კი- სომხეთს ამ უპირატესობისთვის რუსეთის დახმარებით არ მიუღწევია.

გადაწყვეტილების თანახმად, ევროკავშირის მიერ სომხეთში გაგზავნილი დამკვირვებლების მისია სომხეთის მხარეს იდგება და დოკუმენტურად ასახავს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ფაქტებს. გარდა ამისა, განისაზღვრა, რომ საზღვრების დემარკაციის პროცესს საფუძვლად დაედება ორივე სახელმწიფოს მიერ 1991 წელს ორმხრივად აღიარებული საზღვრები.

აღნიშნული მიდგომა რუსულისგან იმით განსხვავდება, რომ აქამდე რუსეთი ორივე საკითხში თავშეკავებული იყო – [დამკვირვებლების და რუკების საკითხი]. დღემდე რუსეთსა და ОДКБ-ს არ შეუძლიათ, უფრო სწორად, არ სურთ დაადგინონ, ვინ ვის დაესხა თავს 13 სექტემბერს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა და საფრანგეთმა პირველივე დღეებში ღიად და მკაფიოდ დაასახელეს აგრესორი.

ამასთან, რუსეთს არ სურდა ვალდებულების აღება რომელიმე კონკრეტულ რუკაზე, რითაც რუსეთმა და ОДКБ-მ საკუთარი თავისთვის შექმნეს შესაძლებლობა, მარტივად გაემართლებინათ კონფლიქტში საკუთარი ჩაურევლობა, ვინაიდან საუბარია “სასაზღვრო დაპირისპირებაზე”, მათთვის კი “მკაფიო საზღვრები” არ არსებობს.

1991 წლის საზღვრებით ხელმძღვანელობის შესახებ წინადადების შემოტანით, რომელიც მოლაპარაკებებს დაედო საფუძვლად, ევროკავშირმა რუსეთისგან განსხვავებით თქვა, რომ მიუხედავად საზღვრების დემარკაციის პროცესის არარსებობისა, ადმინისტრაციული საზღვრები მაინც არსებობს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გაგზავნა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმით, რომ ეს მისცემს ფართო ლეგიტიმაციას აზერბაიჯანის აგრესიული მოქმედებების დაგმობას, ასევე აიძულებს რიგ ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია, აღიაროს ეს აგრესია.

პასუხად რუსეთმა ევროკავშირი დაადანაშაულა პროვოკაციაში და წინადადებით გამოვიდა, შექმნას ალტერნატიული სადამკვირვებლო მისია. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ორი ფაქტორი: პირველი, რუსეთი ამ დრომდე თავს იკავდებდა ОДКБ-ს დამკვირვებლების მისიის შესაძლებლობაზე და მხოლოდ ევროკავშირის შეთავაზების საპასუხოდ გამოთქვა ამის მზაობა. მეორე – შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ОДКБ-ს სადამკვირვებლო მისიის სარგებლიანობა.

ამასთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტმა მკაფიოდ გამოხატა საკუთარი პოზიცია: სომხეთსა და მთიან ყარაბაღში 5000- მდე რუსი ჯარისკაცია, თუმცა მათ არ სურთ და არ შესწევთ ძალა, რაიმე გააკეთონ. მიუხედავად რამდენიმე ათასი ჯარისკაცისა, რუსეთი საკუთარ განცხადებებში მკაფიოდ ვერ ასახელებს, ვინ ვის დაესხა თავს. ОДКБ-ს მისია ვერ შეცვლის სიტუაციას და მხოლოდ გაამყარებს რუსეთის ოფიციალურ, თავშეკავებულ პოზიციას.

ამჟამინდელი სიტუაციის გათვალისწინებით, რთულია დიდი იმედები დაამყარო ОДКБ-ზე. ერთი მხრივ, რუსეთის მიდგომის გამო, რომელსაც აზერბაიჯანის აგრესიული მოქმედებები სასაზღვრო დაპირისპირებამდე დაჰყავს, მეორე მხრივ კი, ОДКБ-ს წევრი სახელმწიფოების ინტერესების თანხვედრის გამო, რომელთაც მჭიდრო ურთიერთობები აქვთ აზერბაიჯანთან.

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ შეხვედრის დროს მკაფიოდ გაახმიანა ОДКБ-ს პოზიცია: “ვერ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ ОДКБ-ს რაიმე რეაქცია უნდა ჰქონდეს აზერბაჯანის წინააღმდეგ. ОДКБ მხარს უჭერს კარგ ურთიერთობებს სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც”.

რუსეთის მიდგომისგან განსხვავებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მნიშვნელოვან წვლილს შემოიტანს კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციაში და შექმნის სამომავლო საფუძველს საერთშორისო მისიებისთვის.

პრაღის მოლაპარაკებების პარალელურად, რეგიონში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: ირანმა გახსნა საკონსულო სიუნიქში – რეგიონში, სადაც უნდა გაიაროს ე.წ. მეღრის დერეფანმა. საკონსულოს გახსნა და გახსნის ცერემონია, საგარეო სქმეთა მინისტრისა და სამხედრო ატაშეს მონაწილეობით, მკაფიო სიგნალია აზერბაიჯანისთვის. მოსალოდნელია, რომ სომხეთი ასევე მალე გახსნის საკონსულოს ირან-აზერბაიჯანის პროვინციაში ქვეყნის ჩრდილოეთით. მკაფიო ანტაგონიზმის მიუხედავად დასავლეთსა და ირანს შორის, მეღრის დერეფანი არის ერთ-ერთი იმ მცირეთაგანი [ერთადერთი თუ არა], სადაც დასავლეთის, განსაკუთრებით აშშ-ის და ირანის ინტერესები ემთხვევა.

პარდიგმის ცვლილება: რისკებისა და შესაძლებლობების შეფასება 

ფუნდამენტური თვალსაზრისით, დღეს რეგიონში ვხედავთ დასავლეთის რეაქტივაციის ფაზას. რუსეთის დასუსტებით რეგიონში დასავლური სტრუქტურები შექმნილი ვაკუუმის შევსებას ცდილობენ.

სომხეთისთვის მნიშვნელოვანია, გაანალიზდეს, რა მოდელი იქნება უფრო საინტერესო მისი საკუთარი უსაფრთხოებისთვის და სად იკვეთება უფრო მეტი ინტერესი. დიდწილად, აღსანიშნავია, რომ ორივე სცენარი – ОДКБ-დან გამოსვლა და ОДКБ-ს წევრობის გაგრძელება- დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან. საკითხი ასე დგას, რამდენად სარისკოა ОДКБ-ში დარჩენა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის დასუსტდა, თუ რუსეთის ინტერესები დაემთხვა თურქეთისა და აზერბაიჯანის ინტერესებს მეღრის დერეფნის საკითხში, ასევე, რამდენად სარისკოა მოძველებული სამხედრო დოქტრინა და სამხედრო ტექნოლოგიები? შესაბამისად, ყველა ვარაუდით, ОДКБ-ს წევრობის გაგრძელება დაკავშირებულია უფრო მაღალ რისკებთან, ვიდრე პარადიგმის შეცვლა.

ჩვენ ასევე ვხედავთ რუსეთის დასუსტებას დსთ-ის და ОДКБ-ს კონტექტსში. ასეთი სახელმწიფოები, როგორიცაა ყაზახეთი და ყირგიზეთი, სულ უფრო შორდებიან რუსეთს. ტაჯიკეთი მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთის საგარეო პოლიტიკას ცენტრალურ აზიაში, უზბეკეთში კი იმართება ცენტრალური აზიის სახელმწიფოების შეხვედრა შარლ მიშელთან. ნათელია, რომ ბელარუსის მხარდაჭერის გარდა, რუსეთი კიდევ დიდხანს ვერ დაეყრდნობა ОДКБ-ს სხვა წევრ სახელმწიფოებს. ამ თეზისის ფორმულირება უფრო რადიკალურადაც შეიძლება: ორგანიზაციის დისფუნქციის გამო, ლეგიტიმურობის კრიზისის გამო ОДКБ  გრძელვადიან პერსპექტივაში ფაქტიურად შეიძლება დაიშალოს.

პარადიგმის ცვლილება აშკარაა არა მხოლოდ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში, არამედ თავად სომხეთშიც: სომხეთმა სახელმწიფო დუმის დეპუტატი კონსტანტინ ზატულინი და Russia Today -ს ხელმძღვანელი მარგარიტა სიმონიანი პერსონა ნონ გრატად დაასახელა. ამასთან, სომხეთი ეძებს იარაღის ახალ მიმწოდებლებს – კერძოდ, დასავლეთში, ირანსა და ინდოეთში. ამ მხრივ, არსებობს უკვე პირველი წარმატებაც ინდოეთთან თანამშრომლობის სახით. 

საპარლამენტო ოპოზიციის დისფუნქციურობა

ამ კონტექსტში დისფუნქციური საპარლამენტო ოპოზიცია სომხეთში დიდ პრობლემას წარმოადგენს. ის ვერ ასრულებს ოპოზიციური პარტიის ფუნქციას – გაახმიანოს ცალკეული პროცედურების კონსტრუქციული კრიტიკა და ხელისუფლებას საკუთარი ინიციატივები შესთავაზოს. ნაცვლად ამისა, პოლიტიკური ოპოზიცია, გამიზნულად თუ არაგამიზნულად, იმეორებს რუსულ ნარატივს და ამით დისკურსი კომიკურობამდე დაჰყავს.

მედიის თვალწინ ოპოზიციონერმა გეგამ მანუკიანმა პარლამენტში დაანაკუწა სომხეთის მიმართ დასავლეთის წინადადების დოკუმენტი. ასეთი არასერიოზული მოქმედებებითა და ფსევდოანალიზით არის მოცული მთელი დისკუსია. საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ იგივე გეგამ მანუკიანი, რომელსაც არაერთხელ გაუკრიტიკებია რუსეთის მიერ ინიცირებული 9 ნოემბერის განცხადება, არასოდეს დაანაკუწებდა მას. სხვა ოპოზიციონერი დეპუტატი კი რუსეთისგან იარაღის შესყიდვის გაგრძელების ინიციატივით გამოდის.

საპარლამენტო ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი რუსული ნარატივი იმის შესახებ, რომ რუსეთს სურს სტატუს-კვოს შენარჩუნება მაშინ, როცა დასავლეთმა მიატოვა მთიანი ყარაბაღი – არ შეესაბამება რეალობას. თავად რუსეთის პრეზიდენტმა 2020 წელს საჯაროდ განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღი, სამართლებრივი თვალსაზრსით, აზერბაიჯანის ნაწილია. მისი იდეოლოგიური ფუძემდებელი, ალექსანდრ დუგინი, კიდევ უფრო შორის წავიდა და მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის პრინციპულ ნაწილად მოიხსენია. დასავლეთის მთავარი მოთამაშეების – საფრანგეთის, აშშ-ს და ევროკავშირის- მსგავსი განცხადებები არ არსებობს. ამ საკითხში დასავლეთი თავშეკავებულია, საფრანგეთის გამოკლებით.

დღეს საჭიროა სამომავლო კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია და რისკების გათვალისწინებით, სერიზოული შიდა დებატები საგარეო პოლიტიკის პარადგიმის ცვლილების საჭიროებაზე. ამასთან, მნიშვნელოვანია უფრო ზუსტი პასუხების მიღება მთავარი მოთამაშეებისგან: სხვა შემთხვევაში გაუმჭვირვალე დარჩება დასავლეთის და რუსეთის ხედვები მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი