ახალი ამბებისაზოგადოება

ბოლო წლებში საქართველოდან წასულ ემიგრანტთა რაოდენობა განსაკუთრებით 2018 წელს გაიზარდა

6 ნოემბერი, 2019 • 8631
ბოლო წლებში საქართველოდან წასულ ემიგრანტთა რაოდენობა განსაკუთრებით 2018 წელს გაიზარდა

მიგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2019 წლის მიგრაციის პროფილის თანახმად, 2018 წელს გაზრდილია საქართველოდან წასულ ემიგრანტთა რაოდენობა.

საქსტატის მონაცემებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი, 76 367 ემიგრანტი 2018 წელს დაფიქსირდა. საქართველოდან წასული ემიგრანტების 57% მამაკაცია.

UN DESA-ს მონაცემებით, საზღვარგარეთ დაბადებული მოსახლეობის კატეგორიის მიხედვით, ყველაზე მეტი ემიგრანტი საქართველოდან რუსეთში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის ემიგრაციის ერთ-ერთი ძირითადი ქვეყანაა, ბოლო წლებში საქართველოდან რუსეთში ჩასულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა კლებულობს, ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებმაც რუსეთი დატოვეს, იზრდება. შედეგად, რუსეთში საქართველოს მოქალაქეთა მიგრაციული სალდო შემცირდა.

საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის დინამიკა რუსეთში

საქართველოში დაბადებული პირების საკმაოდ დიდი რაოდენობა გვხვდება ასევე საბერძნეთში, უკრაინაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

2015-2017 წლებში საქართველოს მოქალაქეების მიერ აშშ-ში მუდმივი ბინადრობის ნებართვის და მოქალაქეობის მიღების მაჩვნებლები მეტ-ნაკლებად სტაბილურია. 2017 წელს აშშ-ში მუდმივი ბინადრობის უფლება საქართველოს 1 629-მა მოქალაქემ მიიღო, აშშ-ის მოქალაქეობა კი – 889-მა.

რაც შეეხება ევროკავშირს და შენგენის ზონას, უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ საქართველოს მოქალაქეთა მიერ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა თავშესაფარს საფრანგეთსა და გერმანიაში ითხოვდა. ასევე, ზრდადია ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი ბინადრობის ნებართვის მფლობელ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა. 2017 წელთან შედარებით მათი რაოდენობა 2018 წელს 8.5%-ით გაიზარდა. ბინადრობის ნებართვის მქონე საქართველოს მოქალაქეების 60% საბერძნეთში, იტალიასა და გერმანიაში იმყოფება. ისინი ძირითადად შრომითი (ანაზღაურებადი) საქმიანობის და ოჯახის გაერთიანების საფუძველზე გაცემულ ბინადრობის ნებართვებს ფლობენ.

ამასთან, უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდგომ, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში შესვლაზე უარის თქმის მაჩვენებელი. საზღვარზე უარის თქმის შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა 2018 წელს დაფიქსირდა და ამ კუთხით გერმანია, საბერძნეთი, საფრანგეთი, კვიპროსი და პოლონეთი ლიდერობენ. ეს ის ქვეყნებია (კვიპროსის გარდა), სადაც საქართველოს მოქალაქეების ყველაზე დიდი რაოდენობა გაემგზავრა უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლის შემდეგ.

ევროკავშირში შესვლაზე უარის თქმის სტატისტიკა

2017 წლამდე საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ევროკავშირის ქვეყნებში შესვლაზე უარს ძირითადად იღებდა სახმელეთო საზღვარზე. თუმცა უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ ეს სურათიც შეიცვალა და საჰაერო საზღვარზე მიღებული უარების რაოდენობამ 2017-2018 წლებში მნიშვნელოვნად გადააჭარბა სახმელეთო და საზღვაო საზღვარზე მიღებულ უარის მაჩვენებელს.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გამოვლენილი არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 2017 წლის ჩათვლით შედარებით სტაბილური იყო, თუმცა 2018 წელს ასეთი შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.

2018 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურად მყოფი საქართველოს 9 115 მოქალაქე გამოავლინეს, რომელთაგან 7 205 მამაკაცია, 1 910 – ქალი.

ამ თემაზე:

საქართველო 4 ქვეყანას შორისაა, სადაც მოსახლეობა ემიგრაციის ხარჯზე მცირდება – კვლევა

მასალების გადაბეჭდვის წესი