საქართველო 4 ქვეყანას შორისაა, სადაც მოსახლეობა ემიგრაციის ხარჯზე მცირდება – კვლევა

საქართველო ერთ-ერთია მსოფლიოს იმ 4 ქვეყანას შორის, სადაც მოსახლეობა მცირდება არა ბუნებრივი მატების შემცირების, არამედ ემიგრაციის ხარჯზე.

ამის შესახებ საუბარია არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკებისა” და ილიაუნის “ფინანსური განათლების ცენტრის” ერთობლივ დოკუმენტში. ანგარიში მიმოიხილავს ეკონომიკურ განვითარებაში ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობასა და სამუშაო ძალის მდგომაროებას.

ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში არსებობს მხოლოდ ოთხი ქვეყანა, სადაც მოსახლეობა ამ მიზეზით მცირდება. მათ შორისაა ალბანეთი, პუერტო რიკო, ესპანეთი და საქართველო.

ორგანიზაციის მიერ მოზადებულ დოკუმენტში, რომელიც საქსტატის მონაცემებს ეყრდნობა, 2002 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, საქართველო 1.4 მილიონმა ადამიანმა დატოვა და რომ არა ემიგრაციის მაღალი მაჩვენებელი, მოსახლეობის რაოდენობა უნდა გაზრდილიყო. 2008 წლიდან საქართველოში დაბადებულთა რაოდენობა აჭარბებს გარდაცვლილთა რაოდენობას.

“გარდა იმისა, რომ ემიგრაცის შედეგად მცირდება ქვეყის მოსახლეობის რიცხოვნება, ემიგრაციას თან ახლავს კვალიფიციური კადრების გადინება, რაც ამცირებს ქვეყნის მწარმოებლურობას და კიდევ უფრო ამცირებს ქვეყის ეკონომიკურ მაჩვენებლს” – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ანგარიშის მიხედვით, რომელიც საქსტატის შინამეურნეობის 2017 წლის კვლევას ეფუძნება, 2017 წლის მდგომაროებით, საზღვარგარეთ წასულთა დაახლოებით 20 პროცენტი ფლობს ბაკალავრის ან მაგისტრატურის/რეზიდენტურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დიპლომს (2014 წლის მონაცემებით, იგივე მაჩვენებელი ქვეყანაში დარჩენილთათვის 27 პროცენტია).

კვლევაში ვკითხულობთ, რომ საზღვარგარეთ წასულთა თითქმის მეხუთედი წარმოადგენს სამუშო ძალის იმ ნაწილს, რომელიც მაღალი ადამიანური რესურსით ხასიათდება და რომელსაც შეეძლო საკუთარი წვლილი შეეტანა ქვეყნის მწარმოებლურობის ზრდაში.

ანგარიშის ავტორების განცხადებით, გარდა განათლების მიღწეული დონისა, მნიშვნელოვანია ასევე ემიგრანტთა ასაკი, რადგანაც ასაკი განაპირობებს მომუშვის ფიზიკურ სიძლიერეს, ცოდნის მიღების პოტენციალს და ბაზრისთვის ახალი სამუშაო ძალის მიწოდების (შობადობის) უნარს.

“საქსტატის მონაცემების თანახმად, ემიგრანტთა საშუალოდ 66% 40 წლამდე ასაკისაა. კაც ემიგრანტთა საშუალოდ 80%, ხოლო ქალ ემიგრანტთა საშუალოდ 68% იმყოფება 40 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნიდან გადის შრომისუნარიანი და რეპროდუქციული მუშახელი”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების მოსაგვარებლად არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკები” მიიჩნევს, რომ აუცილებელია:

  • შეიქმნას სამუშაო ადგილები, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება საერთაშორისო ასპარეზზე;
  • ყურადღება გამახვილდეს მაღალპროდუქტიულ სექტორებზე;
  • წახალისდეს სასწავლებლად წასული ახალგაზრდების ქვეყანაში დაბრუნება;
  • გაუმჯობესდეს არსებული განათლების სისტემა.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.