ახალი ამბები

“მარშის” შემდეგ ლევან აკინის ფილმს ჩაშლით გურამ ფალავანდიშვილიც ემუქრება

5 ნოემბერი, 2019 • 2596
“მარშის” შემდეგ ლევან აკინის ფილმს ჩაშლით გურამ ფალავანდიშვილიც ემუქრება

სანდრო ბრეგაძისა და “ქართული მარშის” შემდეგ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩაშლას გურამ ფალავანდიშვილიც აანონსებს, რომელიც ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან ერთად მიმდინარე წლის ზაფხულში პრაიდის კვირეულის წინააღმდეგ აქტიურობდა.

მისი თქმით, “ქართველს ერს აქვს ვალდებულება” აღკვეთოს ფილმის ჩვენება. ფალავანდიშვილი კვირას პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰომოფობიური ლექსიკით ეწინააღმდეგება ფილმის შინაარს, რომელიც ქვიარ თემატიკას ეხება.

ფალავანდიშვილის თქმით, “კანონის დაცვით”, მაგრამ “ფიზიკური ხელის შეშლით” არ დაუშვებენ ჩვენებას. მისი თქმით, მოხდება კინოთეატრის პიკეტირება, ან წინასწარ დაიკავებენ დარბაზებს. ამასთან, ფალავანდიშვილის თქმით, მათ ეყოფათ ძალები, რომ ადამიანები ყველა იმ კინოთეატრთან გაგზავნონ, სადაც ჩვენებაა დაგეგმილი. მათ შორის, ფალავანდიშვილის თქმით, იგივე პროცესები განვითარდება ბათუმშიც.

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას ეკლესიის მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვება.

“მე გეტყვით, რომ უახლოეს დღეებში ეკლესიის წინააღმდეგ კვლავ ატყდება ისტერია იმის გამო, რომ ჩვენ ვიცით, რამდენიმე კინოთეატრში უნდა გავიდეს ფილმი, რომელიც გადაიღეს გეი წყვილის სიყვარულზე, რომელიც ქართული ფასეულობების, ქრისტიანული ფასეულობების კიდევ ერთი დაკნინების მცდელობაა.

და ამაზე ეკლესია გამოთქვამს დიდ პროტესტს, ეს გახდება მიზეზი ეკლესიაზე ახალი შეტევის. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ზოგადად, ეკლესიას სულ აქვს საბრძოლველი“, – ამბოს ჯაღმაიძე.

ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ , რომელიც ქვიარ თემატიკას ეხება, პირველი ჩვენება 8 ნოემბერს უნდა შედგეს. საპატრიარქოსთან ერთად მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა “ქართულმა მარშმაც“. მისი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ მაყურებლებს კინოთეატრებში შესვლის საშუალებას არ მისცემს და ჩვენებებს ჩაშლის.

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი