ივანიშვილი წყალტუბოში სახელმწიფო ობიექტების გამოსყიდვის გეგმას განმარტავს

ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, წყალტუბოში, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სასტუმროების გამოსასყიდად ღია აუქციონში მიიღებს მონაწილეობას, სასტუმროები კი, მისი თქმით, მკაცრი საინვესტიციო პირობებით გაიყიდება. ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა გამოცემა Enterpreneur-თან ისაუბრა.

ივანიშვილის განმარტებით, მას მხოლოდ ორი მთავარი მოთხოვნა და თხოვნა აქვს:

  1. პროექტი მაქსიმუმ 3 წელიწადის ვადაში დასრულდეს;
  2. რეაბილიტაციისას არ დაზიანდეს არსებული კულტურულ-ისტორიული იერსახე.

როგორც ივანიშვილი ამბობს, სახელმწიფომ უნდა გამოაცხადოს ტენდერი ან აუქციონი, სადაც თითოეული ობიექტის წარდგენა მოხდება ინდივიდუალურად, რათა დაინტერესებულმა პირებმა მათთვის სასურველი ობიექტების შეძენა მოახერხონ:

“იქნება ტენდერი თუ აუქციონი, სახელმწიფო განსაზღვრავს, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს და, რა თქმა უნდა, მეც და ყველა დაინტერესებული პირი მას დავემორჩილებით. წინასწარ ვამბობ და ვეუბნები ბიზნესსაც, რომ ეს იქნება ყველასთვის ძალიან საინტერესო და მომგებიანი საქმე, რადგან ეს სასტუმროები 12 თვის განმავლობაში იქნება დატვირთული”, – ამბობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და აღნიშნულ პროცესში ყველა სასტუმროს კერძო ინვესტორებზე გაყიდვის ვერსიას განიხილავს. ის ასევე აღნიშნავს, რომ აქუციონზე ვერგაყიდული სასტუმროების შეძენასა და 3 წლის ვადაში გაკეთებაზე პასუხისმგებლობას თავად იღებს:

“მოკლედ რომ ჩამოვაყალიბო ჩემი როლი ამ პროექტში, მე ვარ ერთგვარი გარანტორი და დამზღვევი, რომ წყალტუბოს აღორძინების პროექტი აუცილებლად განხორციელდება. მოდელი ასეთია – რაც არ გაიყიდება, იმას შევიძენ. ვფიქრობ, მშენებლობის პროცესშიც მოხდება დაინტერესება ბიზნესის მხრიდან. როგორც წერილში განვაცხადე, მზად ვარ, ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულების შემდეგ ექსპლუატაციაში ჩაშვება, გავასხვისო ეს ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე, რათა შემდგომში მან გააგრძელოს წარმატებული ოპერირება. მაქსიმალური ფასი მხოლოდ პროექტზე დახარჯული თანხა იქნება”, – ამბობს ივანიშვილი.

“ქართული ოცნების” ლიდერის განცხადებით, ასევე დაეხმარება იმ ბიზნესებსაც, ვისაც უკვე აქვს სასტუმროები და არ სურს მათი გაყიდვა. ივანიშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის მთავარია მაღალი სტანდარტი იყოს დაცული, რასაც დამატებითი ინვესტიციები დასჭირდება. ამ მიმართულებით კი არ გამორიცხავს თანაინვესტირების ფონდის ჩართულობას, იაფი რესურსების მოძიეაბში დახმარებას და ბიზნესისთვის საჭირო ყველა სხვა გზით დახმარებასაც.

იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ზემოთ ჩამოთვლილი გეგმა არ განხორცეილდება, ივანიშვილი ამბობს, რომ თავად შეიძენს წყალტუბოში არსებულ ობიექტებს და მის დასრულებაზეც თვითონ იზრუნებს.

ივანიშვილის გეგმა წყალტუბოზე — დეტალები და რისკები

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი