ეკონომიკა

წყალტუბოში ვყიდით 50 მლნ-ის ღირებულების 14 სანატორიუმს – პრემიერი

5 ივლისი, 2022 • 2781
წყალტუბოში ვყიდით 50 მლნ-ის ღირებულების 14 სანატორიუმს – პრემიერი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მთავრობას აუქციონზე გასაყიდად გამოაქვს წყალტუბოში არსებული 14 სანატორიუმი, რომელთა ღირებულებაც, ჯამში, 50 მლნ ლარს შეადგენს.

5 ივლისს, წყალტუბოში ვიზიტისას, „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ პროექტის პრეზენტაციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ წყალტუბოს განვითარების გეგმაში მთავრობისთვის აქამდე არსებობდა ორი შემაფერხებელი ფაქტორი:

  1. „მთავარი პრობლემა იყო წყლის რესურსების ფლობის საკითხი – ინვესტორი იყო კერძო პირი. ჩვენი გადაწყვეტილებით, ისინი გამოვისყიდეთ, მთავრობა ოფიციალურად გახდა ამ რესურსის მფლობელი.
  2. მეორე საკითხი იყო გენერალური გეგმის დამტკიცება. გეგმა დასრულებულია. ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ წყალტუბოს უნიკალურობა, – მოგეხსენებათ, 1930-იანი წლებიდან წყალტუბოს განაშენიანება მეცნიერულად დასაბუთებული გეგმის მიხედვით განხორციელდა, აშენდა 22 სანატორიუმი, რომელთაგან არაერთი, შეიძლება ითქვას, არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშია“.

ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა გეგმავს, დაიწყოს „წყალტუბოს აღდგენის პროცესი“:

„ყველა საკითხი მოგვარებულია, – წყლის, გენგეგმის… ახლა გამოგვაქვს გასაყიდად 14 სანტორიუმი, რომელთა ღირებულებაც, დღევანდელი შეფასებით, დაახლოებით 50 მლნ ლარს შეადგენს და ჩვენი მოლოდინია, რომ 500 მლნ ლარის ინვესტირება განხორციელდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, 500 მლნ ლარი იქნება კერძო ინვესტიცია, რომლის გარდა, „სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, დამატებით ათეულობით ლარის ინვესტირება მოახდინოს იმისთვის, რომ წყალტუბო გახდეს მსოფლიო დონის თანამედროვე სპა-კურორტი, როგორიცაა ბადენ-ბადენი თუ სხვა. წყალტუბოს აქვს ამის პოტენციალი“.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2019 წელს წყალტუბოს 25 ათასი ვიზიტორი ეწვია და, მთავრობის ვარაუდით, „ეს მაჩვენებელი რამდენიმე წელში გაათმაგდება“.

მთავრობის განცხადებით, წყალტუბოს პროექტი შექმნის 3 200-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს.

წყალტუბოს კურორტის „აღორძინების“ ინიციატივით მილიარდერი ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი 2019 წელს გამოვიდა, თუმცა ამ დრომდე არ შეუსყიდია არცერთი ობიექტი.

წყალტუბოში სანატორიუმების მშენებლობა XX საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო და დროთა განმავლობაში მშრომელთა კლასის დასასვენებელ ადგილად იქცა. თუმცა, სსრკ-ის დანგრევასთან ერთად, კურორტი მიატოვეს. შენობების უმრავლესობა ახლა გაპარტახებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი