ახალი ამბებისაზოგადოება

ივანიშვილის გეგმა წყალტუბოზე — დეტალები და რისკები

30 ოქტომბერი, 2019 •
ივანიშვილის გეგმა წყალტუბოზე — დეტალები და რისკები

მილიარდერი ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს კურორტის „აღორძინების“ ინიციატივით გამოდის. იქაური სანატორიუმების უმრავლესობა სახელმწიფოს საკუთრებაა, სამკურნალო აბანოების უმრავლესობა კი ერთ კომპანიას ეკუთვნის, რომელიც რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენ თამაზ სომხიშვილს უკავშირდება.

ჯერჯერობით არ ამბობენ, რა ფასად შეისყიდის ივანიშვილი ამ ინფრასტრუქტურას. ეკონომიკის მინისტრმა არ უპასუხა კითხვას, შეიძლება თუ არა ეს ქონება  სახელმწიფომ ივანიშვილს ერთ ლარად გადასცეს. უცნობია, თანახმაა თუ არა ბიზნესმენი სომხიშვილი საკუთრების გაყიდვაზე, ან რა თანხადაა თანახმა. ამასთან, წყალტუბოში ერთ-ერთი სასტუმროსა და აბანოს მფლობელი კომპანია „ნეტგაზეთს“ ეუბნება, რომ საერთოდ არ აპირებენ გაყიდვას.

ამ ყველაფრის პარალელურად კი სპეციალისტები მიუთითებენ, რომ სამუშაოების დაწყებამდე საჭიროა მწყობრი გეგმა, თუ როგორ წარმოუდგენიათ წყალტუბოს განვითარების პროცესი, რათა ავთენტური სახე და საბჭოთა არქიტექტურის განვითარების ეტაპების ამსახველი შენობები არ დაზიანდეს.

რა ხდება?

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა 29 ოქტომბერს დააანონსა წყალტუბოში 22 სანატორიუმის/სასტუმროსა და 9 აბანოს გამოსყიდვა და მათი სრული რეაბილიტაცია. მან ამას „წყალტუბოს აღორძინების“ პროექტი უწოდა: „მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს“.

აღნიშნული ინფრასტრუქტურის დიდ ნაწილს მართლაც სჭირდება ყურადღება. წყალტუბოში სანატორიუმების მშენებლობა XX საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო და დროთა განმავლობაში მშრომელთა კლასის დასასვენებელ დანიშნულების ადგილად იქცა, რეკრეაციის ხელმისაწვდომ საშუალებად. თუმცა სსრკ-ის დანგრევასთან ერთად, კურორტი მიატოვეს. შენობების უმრავლესობა ახლა გაპარტახებულია.

სანატორიუმი წყალტუბოში. ფოტო: Ryan Koopmans, CNN

სანატორიუმების უმეტესობა ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაშია. „ნეტგაზეთს“ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში” უთხრეს, რომ წყალტუბოში მათს ანგარიშზე 15 სანატორიუმია. ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას თანახმად, 22 ობიექტიდან მხოლოდ ოთხია პრივატიზებული. ზოგიერთ სანატორიუმში ის ადამიანები არიან შესახლებული, რომლებსაც წასასვლელი ჯერჯერობით არსად აქვთ.

რა ფასად იყიდის ივანიშვილი სახელმწიფოსგან სანატორიუმებს?

ჯერჯერობით უცნობია, რა თანხად გადასცემს სახელმწიფო ბიძინა ივანიშვილს ამ შენობებს. ქონების მართვის სააგენტოში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ამაზე — განკარგვაზე, რა ფორმით მოხდება პრივატიზაცია, გადაეცემა თუ არა ერთ ლარად ივანიშვილს — სამინისტრომ უნდა გასცეს პასუხი.

თუმცა თავად მინისტრი ნათია თურნავა ჯერჯერობით არ აზუსტებს ამ დეტალებს. 29 ოქტომბერს, როდესაც ივანიშვილის ამ ინიციატივას აფასებდა, თურნავამ თქვა: „დღემდე ჩვენ, ეკონომიკის სამინისტრო, მზად ვიყავით, თუნდაც ერთ ლარად გადაგვეცა რომელიმე ინვესტორისთვის, ოღონდ ამაში ფული ჩაედოთ“. თუმცა კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ქონება ერთ ლარად გადაეცეს, თქვა, რომ ეს არ უთქვამს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, იგეგმება თუ არა ერთ ლარად გადაცემა.

ბიძინა ივანიშვილი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

მეორე დღეს, 30 ოქტომბერს, თურნავამ განაცხადა, რომ როგორც კი კონკრეტული პირობები ექნებათ ჩამოყალიბებული, საზოგადოებაც გაიგებს. კითხვაზე ერთ ლარად გაყიდვასთან დაკავშირებით თქვა:

„დეტალებს, ყველაფერს მოგახსენებთ მომავალში, მაგრამ ეს მოხდება კანონთან შესაბამისობაში. აქ მთავარი ის არის, რამხელა კონტრიბუციას აპირებს ბიძინა ივანიშვილი და არა, დავუშვათ, ასეთი მცირე დეტალები“.

რა ფასად იყიდის იგი კერძო სასტუმროებს?

სულ მცირე, ოთხი ძველ სანატორიუმი — „მეშახტე“, „ივერია“, „ცისკარი“ და თავდაცვის სამინისტროს ყოფილი სანატორიუმი — პრივატიზებულია. „ნეტგაზეთი“ მათი ნაწილისგან ელოდება პასუხებს ივანიშვილთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.

ერთ-ერთი ძველი, სამხედრო (თავდაცვის სამინისტროს) სანატორიუმის შენობაში დღეს „სასტუმრო სპა რეზორტი“ ფუნქციონირებს. „ნეტგაზეთი“ მათგან პასუხს ელოდება დეტალების გასარკვევად.

სანატორიუმი „ივერია“ 2018 წელს სახელმწიფომ 500 000 ლარად გადასცა შპს „ივერია პალასს“, 10 მილიონი ლარის ინვესტიციის პირობით. ამ კომპანიას 3 მფლობელი ჰყავს: გიორგი დევაძე (30%), თურქეთის მოქალაქე ოქტაი კივანჩი (40%) და შპს „ლასკო კაპიტალ ჯორჯია“ (30%), რომელიც თავის მხრივ მთლიანად ეკუთვნის კვიპროსში დარეგისტრირებულ „ლასკო კაპიტალ ლიმიტედს“.

რაც შეეხება „მეშახტეს“ — ეს სანატორიუმი სახელმწიფომ 2015 წელს გადასცა კომპანია „ქეი ბი ფის“, 2.5 მილიონ ლარად, იმ პირობით, რომ 3 წელიწადში სულ მცირე 100 ნომრიან 5-ვარსკვლავიან სასტუმროს აამუშავებდა. სასტუმრო 2018 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა გახსნა გადაიდო.

„არ ვაპირებთ გაყიდვას“

„სასტუმრო სანატორიუმი წყალტუბო“ კურორტის მმართველობის ყოფილ შენობაში ფუნქციონირებს. ეს შენობა სანატორიუმადაა გადაკეთებული. ამავე დროს, ისინი ფლობენ 9-დან ერთ-ერთ აბანოს, „წყარო N2-ს“. შპს „სანატორიუმი წყალტუბოს“ 81%-იანი წილის მფლობელი არის მილიონერი ბიზნესმენი ბადრი კაკაბაძე, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქე.

„ნეტგაზეთს“ ამ კომპანიის [შპს სანატორიუმი წყალტუბო] გენერალურმა მენეჯერმა თორნიკე მდივნიშვილმა განუცხადა, რომ არანაირი მოლაპარაკებები ბიძინა ივანიშვილთან ჯერ არ ყოფილა და არც აპირებენ გაყიდვას:

„გაყიდვას არ ვაპირებთ არანაირად. პირიქით, ვვითარდებით, — გვაქვს „სანატორიუმი წყალტუბო“, რესტორანი „მაგნოლია“ და სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრი „Be Healthy“, ყოფილი წყარო #2; ბოლო ორ წელიწადში 10 მილიონზე მეტი დაიხარჯა და არანაირად არ ვაპირებთ გაყიდვას“.

რაც შეეხება აბანოს — 9 მათგანიდან მხოლოდ 4 მუშაობს; მათ შორის ერთ-ერთია ყველაზე ცნობილიმ მე-6 აბანო — „წყარო #6“. ის სააქციო საზოგადოება „ბალნეოსერვისს“ ეკუთვნის, რომელიც უკავშირდება რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენ თამაზ სომხიშვილს.

რა კავშირშია მილიონერი თამაზ სომხიშვილი წყალტუბოსთან?

უფრო ზუსტად, მათ შორის ასეთი კავშირია: „ბალნეოსერვისი“ არის თამაზ სომხიშვილის დაფუძნებული ორგანიზაცია „თი ეს ჰოლდინგის“ (TS Holding-ის) შვილობილი კომპანია.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა ამ ჰოლდინგის ვიცეპრეზიდენტს, გიორგი ზვიადაძეს, კითხვით, უკვე არიან თუ არა ისინი შეთანხმებული ბიძინა ივანიშვილთან გაყიდვის ფასსა და სხვა დეტალებზე.

თამაზ სომხიშვილის სასასხლის პროექტი წყნეთში.

მან გვითხრა, რომ TS Holding ამ ობიექტს არ ფლობს, ჩვენს ნომერს ამ აბანოების მფლობელ კომპანიას გადასცემდა და თუ ისინი ჩათვლიდნენ საჭიროდ, დაგვიკავშირდებოდნენ. არადა, TS Holding-ის ვებგვერდზეც წერია, რომ „ბალნეოსერვისი“ მათი შვილობილი კომპანიაა.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა უშუალოდ „ბალნეოსერვისსაც“, სადაც დაგვიდასტურეს, რომ ისინი ფლობენ რამდენიმე აბანოს წუალტუბოში. თუმცა გვიპასუხეს, რომ ამ თემაზე არანაირ განცხადებას არ გააკეთებენ. „ნეტგაზეთს“, დაპირების მიუხედავად, არც TS Holding-იდან და არც „ბალნეოსერვისიდან“ დამატებითი გამოხმაურება არ მიუღია.

თამაზ სომხიშვილს უკავშირდება წყნეთში, ყოფილი სამთავრობო აგარაკის ადგილას სასახლის, საზაფხულო რეზიდენციის აშენება. 62 წლის ბიზნესმენი უკვე 30 წელზე მეტია, რაც ბიზნესშია ჩართული.

[ნახეთ „ნეტგაზეთის“ არქივში: ვინ არის თამაზ სომხიშვილი, რომელიც წყნეთში სასახლეს იშენებს]

„ბიზნესურად არამომგებიანი“?

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბიძინა ივანიშვილის დაანონსებულ ამ პროექტს — „წყალტუბოს კურორტის აღორძინებას“ — „საქველმოქმედო ინიციატივა“ უწოდა და თქვა, რომ ის „ბიზნესურად მომგებიანი არ არის“.

არადა, ბიძინა ივანიშვილი წერდა, რომ „წყალტუბოს აქვს ყველა … პოტენციალი, უახლოეს წლებში გადაიქცეს რეგიონის ჯანმრთელობის და ტურიზმის დედაქალაქად და ის აუცილებლად გახდება ასეთი“.

თვითონ თურნავამაც მსგავსი რამ თქვა: „უპრეცედენტო ინიციატივის ფარგლებში, წყალტუბო არა მხოლოდ აღიდგენს ძველ დიდებას, არამედ გახდება აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ცნობილი საკურორტო მიზიდულობის ცენტრი იმიტომ, რომ აქ არის უნიკალური ბუნება, უნიკალური წყლები, უნიკალური არქიტექტურა“.

მას აღარ დაუზუსტებია, რატომ ფიქრობს, რომ თუკი — როგორც ივანიშვილიც ამბობს — რეაბილიტაციის შემდეგ წყალტუბო „ტურიზმის დედაქალაქად“ იქცევა, რატომ არ იქნება  „ბიზნესურად მომგებიანი“.

თურნავას ზუსტი თანხა არ დაუსახელებია, თუმცა თქვა, რომ ქალაქის რეაბილიტაციისთვის აუცილებელი ყველა ხარჯი „ასეულობით მილიონია“.

რა ბედი ელის იქ მცხოვრებ ხალხს?

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, რამდენიმე სანატორიუმში, მათ შორის „თბილისში“, „გეოლოგსა“ და „მეტალურგში“, ამ დრომდე ცხოვრობენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები. იქ სასტუმროების მოწყობის შემთხვევაში, სავარაუდოდ, მათ გაასახლებენ.

ბავშვები წყალტუბოს ერთ-ერთი სანატორიუმში. ფოტო: Ryan Koopmans, CNN

დევნილთა სამინისტროს თანახმად, დევნილი ოჯახებისათვის წყალტუბოში 8 კორპუსის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც ბინა 560 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

რისკები?

როგორც ხელოვნებათმცოდნე თამარა ამაშუკელი „ნეტგაზეთს“ უამბობს, წყალტუბოში 1920-იან წლებში დაიწყო სანატორიუმების მშენებლობა; 1936 წელს კი ცნობილმა არქიტექტორმა ნიკოლოზ სევეროვმა შეიმუშავა გენერალური გეგმა, რომლის თანახმადაც, ქალაქის ცენტრში გამოიყოფოდა „უზარმაზარი პარკი ხელოვნური ტბით, განაშენიანებით, მწვანე ლანდშაფტური არქიტექტურით“. იქვეა განთავსებული 9 სამკურნალო აბანო.

იგი წყალტუბოს მნიშვნელობას ასე აფასებს: „თითქმის ყველა ცნობილ საბჭოთა არქიტექტორს, რომელიც აქ მოღვაწეობდა, ამ ტერიტორიაზე აშენებული აქვს ნაგებობა. პრაქტიკულად, ამ პატარა ტერიტორიაზე ჩანს მთელი საბჭოთა არქიტექტურის განვითარების ხაზი და საბჭოთა არქიტექტურის ერთგვარი ღია მუზეუმია. ეს შენობები სტილისტურად განსხვავდება ერთმანეთისგან: ჯერ იყო კონსტრუქტივიზმი, რომელმაც მოგვიანებით სახე იცვალა, შემდეგ მოდის „სტალინის ამპირი“ (ე.წ სტალინისტური არქიტექტურა) და მოგვიანებით, მოდერნისტული არქიტექტურა. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ობიექტის შენარჩუნება ისე, რომ გათვალისწინებული იყოს მისი მთავარი არქიტექტურული ღირებულება, როგორც ექსტერიერი, ასევე, ინტერიერი“.

მისივე ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფომ ეს სანატორიუმები აღნუსხა და 14 მათგანისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას აპირებდა, მათ დღემდე არ აქვთ ეს სტატუსი.

„ამ საკითხს კონცეპტუალურად უნდა მიუდგნენ. პირველ რიგში, უნდა გაკეთდეს კონცეფცია, თუ საერთოდ როგორი უნდა იყოს წყალტუბო და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს თითოეული ობიექტის რეაბილიტაცია… არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ ობიექტების განადგურება და ახალი, მინის ან სხვა რაიმე თანამედროვე არქიტექტურის ჩადგმა“, — ამბობს იგი.

ბიძინა ივანიშვილი თავის წერილში ამბობს, რომ „წყალტუბოს განვითარების ხედვა და კონცეფცია“, რომლითაც აპირებს იხელმძღვანელოს, „ეყრდნობა წამყვანი შვეიცარიული საკონსულტაციო კომპანიის, „KohL & Partners“-ის მიერ შემუშავებულ გეგმას“. მისი თქმითვე, ამ გეგმის ფარგლებში წყალტუბოში დამატებით უნდა აშენდეს ბავშვთა მოედნები, წყლის პარკი, ტროპიკული ბაღი, გოლფის და ჩოგბურთის მოედნები, კლდეზე ცოცვის პარკი, სავაჭრო ცენტრი, კაფე-ბარები და რესტორნები“.

საპარტნიორო ფონდის ვებგვერზე განთავსებული ინფორამციის თანახმად, კონცეფციის თანახმად, წყალტუბოს საკურორტო ზონის რეაბილიტაცია რამდენიმე წელი გაგრძელდება. ეს პროცესი, მათ თანახმად, „მოიცავს თერმული აბანოების აღდგენას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასტუმროების რეაბილიტაციას, თანამედროვე ტექნიკით და სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი სასტუმროების აშენებას, სამედიცინო და სპა ტურიზმის განვითარებას, საბავშვო გასართობი ცენტრების და წყლის ატრაქციონების აშენებას, რესტორნების განვითარებას, გოლფის სათამაშო მოედნის მოწყობას, სავაჭრო ცენტრების გახსნას და ტროპიკული ბაღების გაშენებას“.

იქ არ არის დაკონკრეტებული, თუ როგორ მოხდება სანატორიუმების რეაბილიტაცია. თამარ ამაშუკელი გვეუბნება: „გამოცდილებიდან გამომდინარე, თუ სხვანაირად არ მოხდა რეაბილიტაცია, — ანუ თუ არ მოხდა კვალიფიციური სპეციალისტების ჩართვა ამ პროცესში, თუ არ მოხდა კონცეფციების შემუშავება, კონსერვაციის გეგმის გაკეთება, რაც გულისხმობს მთლიანად ტერიტორიის კონცეფციას, განაშენიანებას, ზონირებას და იქაური, ასე ვთქვათ, სულის ამოცნობას, — იმ შედეგს ვერ მივიღებთ, როგორიც სასურველი იქნებოდა. და თუ ასე არ იქნება, აჯობებს, ხელი არ მოვკიდოთ, კონსერვაცია მოვახდინოთ და მომავალ თაობას დავუტოვოთ შესაძლებლობა, მათ გააკეთონ, — მათ ჰქონდეთ ძალიან დიდი საგანძური საბჭოთა არქიტექტურისა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი