ახალი ამბები

წყალტუბოში კატარული ინვესტიციით სასტუმროები გაიხსნება – დავითაშვილი

26 დეკემბერი, 2022 • 831
წყალტუბოში კატარული ინვესტიციით სასტუმროები გაიხსნება – დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, წყალტუბოში კატარული ინვესტიციით მაღალი დონის სასტუმრო, რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა შეიქმნება.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პროექტ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლეს“ ფარგლებში, კატარულ საინვესტიციო ჯგუფს გადაეცემა ხუთი ობიექტი – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.

„აუქციონზე გამოტანილი იყო ის ობიექტები, რომლებიც სახელმწიფოსთან ერთად შეისწავლა უძრავი ქონების ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა კომპანიამ. შესაბამისად, მოხდა რამდენიმე ობიექტის რეალიზაცია და საინვესტიციო შეთანხმება ქართველ ინვესტორებთან. ამ შემთხვევაში კი ჩვენ გვყავს უკვე უცხოელი ინვესტორი, რომელიც წარმოდგენილია სასტუმრო ბიზნესში და მათ აქვთ საკმაოდ ამბიციური გეგმები, რომ პროექტ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში მაღალი დონის სასტუმრო, რეკრეაციული, გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა შეიქმნას. ეს იქნება სხვადასხვა დონის, 3, 4, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები, სადაც ძალიან მნიშვნელოვანწილად იქნება წარმოდგენილი გამაჯანსაღებელი და სპორტული კომპონენტები იმ კვლევისა და შესწავლის შესაბამისად, რაც ჩვენ კომპანია „კოლიერსთან“ ერთად გავაკეთეთ“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

„წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ სამთავრობო პროექტია, რომელიც ითვალისწინებს კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში ინვესტორებისთვის საპრივატიზებო აუქციონებზე 14 სანატორიუმის გამოტანას. პროექტის თანახმად, სახელმწიფო ათეულობით ლარის ინვესტირების ვალდებულებას იღებს, რათა წყალტუბოს საერთაშორისო დონის სპა-კურორტად იქცეს.

ლევან დავითაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში სახელმწიფო მიიღებს სწორედ იმ მიზნობრივ ინვესტიციებს, რომლებიც წყალტუბოს კურორტის გასაცოცხლებლად და ერთ-ერთ მნიშვნელოვან, მიმზიდველ ტურისტულ ცენტრად გადასაქცევადაა საჭირო. ამასთან, მისი განმარტებით, არსებობდა შემდეგი მნიშვნელოვანი წინაპირობა – სახელმწიფომ მოახდინა ძირითადი რესურსის, სამკურნალო წყლების გამოსყიდვა და დღეს ისინი ხელმისაწვდომია როგორც ამ მომსახურებით დაინტერესებული კერძო პირებისთვის, ისე ყველა იმ ბიზნესისთვის, რომელიც წყალტუბოში განახორციელებს ინვესტიციებს და გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას განაახლებს.

რაც შეეხება საინვესტიციო თანხას – ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, კატარული საინვესტიციო ჯგუფისთვის მინიმალური საპრივატიზაციო თანხა დაახლოებით 12 მლნ ლარია, 35 მილიონ ლარამდე კი, საპრივატიზაციო ვალდებულებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი