ახალი ამბები

მინიმუმ ერთი კვირა ეს კორპუსი საცხოვრებლად გამოუსადეგარია – გამგებელი

19 ოქტომბერი, 2019 •
მინიმუმ ერთი კვირა ეს კორპუსი საცხოვრებლად გამოუსადეგარია – გამგებელი

ნაძალადევის რაიონის გამგებლის ირაკლი ხელაძის თქმით, კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა მინიმუმ ერთი კვირა საცხოვრებლად გამოუსადეგარია.

როგორც თბილისის მერიაში ნეტგაზეთს უთხრეს ექსპერიზის ეროვნული ბიუროს წინასწარი შეფასებით, დაახლოებით ერთი კვირაა საჭირო იმისთვის, რომ დადგინდეს საცხოვრებლად რამდენად გამოსადეგი იქნება ეს კორპუსი. მათივე ცნობით, მერია ამ დროის  განმავლობაში მაცხოვრებლებს სასტუმროებში განათავსებს.

გურამიშვვილის გამზირზე მდებარე 16 სართულიან კორპუსში სულ 77 ოჯახი ცხოვრობდა. ამ დროისთვის 35-მდე ოჯახია სასტუმროში განთავსებული, თუმცა როგორც თბილისის მერიაში გვეუბნებიან სასტუმროებში გადაყვანის პროცესი გრძელდება. მერიის ინფორმაციითვე, გარკვეულმა ნაწილმა უარი თქვა მუნიციპალიტეტის მიერ შეთავაზებულ დროებით საცხოვრებელზე.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ დაშავებულის მდგომარეობა, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდა, ამ დრომდე მძიმეა. ის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

19 ოქტომბერს, დილას, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ გაზის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც კორპუსის მეოთხე სართულზე ნგრევა მოჰყვა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა. კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება და მნიშვნელოვანი ზიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი