მართლმადიდებელი ეკლესიის ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიის განყენებული მიტროპოლიტი პეტრე ცაავა აპირებს, რომ უახლოეს მომავალში მთლიანად გადააბაროს ეპარქია მის შემცვლელს, მიტროპოლიტ გრიგოლ კაციას. შექმნილია სპეციალური კომისია, რომელმაც 3 ნოემბერს პირველი შეხვედრა გამართა.
კომისიის პირველი შეკრების შემდეგ ორივე მათგანი ესაუბრა ჟურნალისტებს; მათ კითხვაზე, რას უსურვებდა პეტრე ცაავას, მიტროპოლიტმა გრიგოლმა თქვა: „შერიგებას და მეგობრობას და ძმობას“, რაზეც განყენებულმა მიტროპოლიტმა პეტრემ მიუგო:
—„უსამართლობასთან არასდროს შევრიგდებით, მეუფეო“.
—„უსამართლობასთან … ჩვენც“, — თქვა პასუხად მიტროპოლიტმა გრიგოლმა.
ამ მოკლე დიალოგამდე, ორივე მათგანმა ისაუბრა გადაბარების პროცესზე. განყენებულმა მიტროპოლიტმა პეტრემ თქვა, რომ სამუშაო გეგმა უკვე შედგა მარტვილისა აბაშის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების შესახებ; ასევე, თქვა, რომ ამ პროცესის დასრულებას არ დაელოდება, ისე დატოვებს ეპარქიას.
კითხვაზე, როდიდან აპირებს ის წასვლას, უპასუხა: „უახლოეს დღეებში… საათებში… არ ვიცით. ძალიან მინდა, რომ წავიდე არაოფიციალურად და ძალიან გთხოვთ, ამ თემაზე შეკითხვა არ დამისვათ“.
საკადრო ცვლილებები
მისივე თქმით, არანაირი ცვლილება ტაძრებში, მონასტრებსა და მათი წინამძღვების რიგებში არ იგეგმება, გარდა ინჩხურის ტაძრის წინამძღვრის, ანდრია სარიასა და იღუმენია თამარ გამყრელიძისა: „გამონაკლისის სახით, მამა ანდრიას აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ გადაბარების შემდეგ დატოვოს ინჩხურის სულიერების და კულტურის ცენტრი. ასევე, იღუმენია თამარი, რომელიც იყო ეპარქიის ფინანსისტი“.
წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, იღუმენია თამარ გამყრელიძე აცხადებს, რომ მისთვის წარმოუდგენელია ჭყონდიდის ეპარქიის ახალ მმართველ გრიგოლ კაციასთან მსახურება და ეპარქიას ტოვებს. ანდრია სარიამაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო: „მე არ ვცნობ სიცურის განჩინებას, რომელიც მათი მხრიდან იქნა მიღებული. მე მღვდელთმსახურებას არ ვტოვებ, ვტოვებ მხოლოდ და მხოლოდ წინამძღვრობას“.
მიტროპოლიტმა გრიგოლმა ჟურნალისტებს უთხრა: „არ იგეგმება არანაირი საკადრო ცვლილებები. ჯერ გავეცნოთ ეპარქიას, გავეცნოთ მამებს. ასე მე არ მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ქირურგი ვარ, ქირურგიული ჩარევა“.
სინოდის 31 ოქტომბრის სხდომის ოქმის თანახმად, სინოდმა მიტროპოლიტ პეტრე ცაავას, გარდა ეპარქიის მმართველობისგან და სინოდის წევრობისგან გათავისუფლებისა, აუკრძალა მღვდელმოქმედება და მონასტერში გაამწესა.
სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ, მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ჰომოფობიური ტერმინოლოგიით ისაუბრა კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის „პედერასტიასა და მამათმავლობაზე“.
ნახეთ ასევე: