ახალი ამბები

“არ მაქვს სურვილი, ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი” — მიტროპოლიტი გრიგოლი

29 ოქტომბერი, 2021 • 1692
“არ მაქვს სურვილი, ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი” — მიტროპოლიტი გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში მოინახულა.

შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამდენი დღის შიმშილობის შემდეგ სააკაშვილი  თავს სუსტად გრძნობს, თუმცა მხნეობას არ კარგავს.

“მან იცის, რატომ შიმშილობს და მისი საუბრიდანაც ვნახე, რომ ამ თემაზე საუბარს არა აქვს რამე მნიშვნელობა… მიზეზთა გამო… არის შემთხვევები, როდესაც შიმშილობა კი არა, თვითმკვლელობაც კი პირიქით ეთვლება ადამიანს არათვითმკვლელობად და პოლიტიკოსებთან მიმართებაში ჩვენ ვერ განვსჯით ამ თემას იმიტომ, რომ ეს არის ინსტრუმენტი და მისი არჩევანია”, — განაცხადა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა.

მიტროპოლიტის თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს, თუმცა მიხეილ სააკაშვილი არ არის ჩვეულებრივი პატიმარი, რადგან მისი ბედი დაკავშირებულია საქართველოს სამომავლო განვითარების ბედთან.

“ჩვეულებრივი პატიმრების მიმართ საერთაშორისო ყურადღება არ არის მოპყრობილი, ე.ი. არაჩვეულებრივი პატიმარია… ეს არ არის ჩვეულებრივი პატიმარი, ამ პატიმრის ბედი გარკვეულწილად უკავშირდება თვითონ სახელმწიფოს და სამშობლოს სამომავლო განვითარების ბედს. თუ ამაზე დავფიქრდებით და შევძლებთ, როგორმე ისეთი ზღვარი გავატაროთ პირადულ წყენას, თუნდაც პირადულ ტრაგედიასა და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შორის, მაშინ უფრო შევძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას”, — განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა.

გრიგოლ ბერბიჭაშვილმა მწუხარება გამოთქვა საზოგადოების უკიდურესი პოლარიზების გამო.

“ჩვენ გვესმის საყოველთაო შერიგების შესახებ, მაგრამ ამ თემაზე საუბარი ცოტა უცნაურია. ერთი პრობლემა არსებობს — შერიგება რომ მოხდეს, ღირებულებათა თანხმობა უნდა იყოს და ჩვენ ღირებულებითი შეუთანხმებლობა გვაქვს საზოგადოებაში. თუ ღირებულებით ნაწილში რაღაცაში მაინც შევთანხმდებოდით, მერე შეიძლება დანარჩენზე საუბარი. არსებობს ღირებულებათა იერარქია, რაც კათოლიკოს-პატრიარქმა დიდი ხნის წინ თქვა: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი… ჩვენ რომ ადამიანზე ვთქვათ, მოგვწონს ან არ მოგვწონს, ეს იქნება ჩვენი პირადი სუბიექტური აზრი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ კაცი ხედავს სახეს კაცისას, ხოლო ღმერთი ხედავს გულს”, — განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

ფოთის მიტროპოლიტის თქმით, პატრიარქს ხშირად დაურიგებია იგი და თვითონაც, მის მიერ ხელდასხმულ სასულიერო პირებს ასწავლის, რომ ის არის დედა ან მამა და არა — მოსამართლე.

“სასულიერო პირების მხრიდან ეს განცდა არის ნებისმიერი პატიმრის მიმართ და თუ თანასწორობაა, აქაც არის ეს დამოკიდებულება. საქართველოს მესამე პრეზიდენტს მე ვუკავშირებ ქვეყნის ბედს, მის სამომავლო განვითარებას, ჩვენი ქვეყნისადმი საერთაშორისო დამოკიდებულებას, მით უმეტეს, ის შიმშილობს… როგორია ამის შედეგები და როგორი იქნება, ეს დასაფიქრებელია. არ მაქვს სურვილი, რომ ჩვენ ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი”, — განაცხადა მან.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 29-ე დღეა შიმშილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი